მეუფე პეტრე - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია
მეუფე პეტრე - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე ტომოსის გამოცემის შემდეგ მიიღებს, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ეკლესიის წინამძღოლად არჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს 6 იანვარს სტამბოლში გადასცემს.

„უკრაინის საკითხზე მოვლენებს დაველოდებით, ტომოსის გამოცხადებას და ა.შ. შემდეგ სინოდის სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე, ​ერთსულოვანი იყო თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ სინოდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

​რაც შეეხება ციანიდის საქმეს, მეუფე პეტრეს თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისგან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა.

„სამწუხაროდ ციანიდთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განხილვისგან. ძალიან გულდასაწყვეტია და მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალებას, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია“.