მეუფე პეტრე - პირადად ჩემთვის, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ
მეუფე პეტრე - პირადად ჩემთვის, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ

გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, როდესაც საუბრობდა, თუ რატომ არ იმსჯელა სინოდმა გუშინ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, სინოდის წინა სხდომის განჩინების თანახმად, როდესაც საქართველოში ყველა ინსტანცია დასრულდებოდა, სინოდი ეცდებოდა, შეექმნა კომისია „ციანიდის საქმისთვის“. თუმცა, მისი თქმით, კომისიის შექმნამდე საქმე არ მისულა და, როდესაც სინოდის სხდომაზე ამ საკითხის განხილვა მოითხოვა, უთხრეს, რომ უკრაინის თემის ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ სხვა საკითხებზე.

„წინასწარ მოვითხოვე, როცა ვსაუბრობდი უკრაინის თემაზე, შემდეგ ვთქვი, რომ უკრაინის გარდა, ასევე აუცილებლობად მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდზე იქნეს განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა, „ციანიდის საქმე“. რეპლიკებით მითხრეს, რომ უკრაინის საკითხის ამოწურვის შემდეგ სხვა საკითხებზე გადავიდოდით. სხვა საკითხებიც გაგრძელდა და ბოლოს, როდესაც მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა, საჯაროდ ვთქვა ეს და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა და ღვთისმშობლის ხატისკენ შებრუნდა, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს, რომელთაც მიმაჩნია, რომ მას დათვური სამსახური გაუწიეს.

მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაჩენილი ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდის და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, მაცხოვარი საუბრობს მწყემსიკეთილობაზე და მღვდელმთავარი ამ სინონიმთან გაიგივებული უნდა იყოს.