მეუფე პეტრე - მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს თბილისში ჩავიდე
მეუფე პეტრე - მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს თბილისში ჩავიდე

მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს თბილისში ჩავიდე, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სპეცდანიშნულების სამსახურებმა ფაქტობრივად, ქართული სულის წინააღმდეგ შეასრულეს დავალება მაშინ, როდესაც ხელი აღმართეს და სისხლი დაღვარეს მებრძოლი სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების მიმართ.

„საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა სპეცდანიშნულების სამსახურებმა ფაქტობრივად, შეასრულეს დავალება საქართველოს ერის, ქართული სულის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ხელი აღმართეს და სისხლი დაღვარეს ერის ყველაზე ჯანსაღი, მართალი, ღირსეული და მებრძოლი სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ისინი არანაირად არ იყვნენ პოლიტიზირებული და ეს ჩანს, არც ეკუთვნოდნენ არც ერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას. მიმაჩნია, რომ როგორც აფხაზეთის ომში ერთ-ერთი მიზანი ამ უბედურებისა იყო ქართველი მებრძოლი სულის ახალგაზრდა თაობათა მოსპობა და გენოციდი, ნაწილობრივ ამას მიაღწია მტერმა, ხშირი შემთხვევები გვქონდა, როდესაც ქართველები ზურგიდან იყვნენ დაჭრილი და მოკვდინებული. ასევე მაშინ, როდესაც ფაქტობრივად, აქცია დაიშალა და ქუჩაში დასდევდნენ ამ ახალგაზრდებს, ეს იყო უკვე არა პროტესტის, არა კანონის, არამედ იყო ქართული ახალგაზრდა სულისკვეთების წინააღმდეგ მიზანმიმართული დამოკიდებულება. ვინაიდან გუშინ, ისევე, როგორც 9 აპრილს, როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში – 1991-1992 წლებში საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, თავი გაეწირა ერისა და ერის შვილების გადასარჩენად, ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი, მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს თბილისში ჩავიდე. ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმისათვის, რომ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება და დამოკიდებულება, სისხლისღვრა ახალგაზრდების მიმართ, ჩვენ ცოცხალი კედლით ჩავდგეთ შუაში. ჩვენ როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ამ ახალგაზრდა თაობის გადასარჩენად“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

დატოვე კომენტარი