მეუფე პეტრე - მამა გიორგი მამალაძე უდანაშაულო პატიმარია და ველოდები, რომ ეკლესია გამოიტანს საბოლოო დასკვნას
მეუფე პეტრე - მამა გიორგი მამალაძე უდანაშაულო პატიმარია და ველოდები, რომ ეკლესია გამოიტანს საბოლოო დასკვნას

უნდა ველოდოთ იმას, რომ ეკლესია გამოიტანს დასკვნას და იტყვის, რომ მამა გიორგი დღემდე არის უდანაშაულო პატიმარი, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ დადგა დრო, აღსრულდეს 2017 წლის ოქტომბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილება. იგი ელოდება, რომ საპატრიარქოში საგამოძიებო კომისია შეიქმნება და საეკლესიო სამართლის ნორმებით იტყვის, რომ მამა გიორგი მამალაძე უდანაშაულოა.

„მამა გიორგი მამალაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩემი ინიციატივა არ არის, 2017 წლის ოქტომბრის სინოდის სხდომის განჩინების გადაწყვეტილებაა – როდესაც ყველა ინსტანცია დასრულდებოდა საქართველოში, საპატრიარქოსთან შეიქმნებოდა კომისია, რომელიც საეკლესიო სამართლის ნორმებით იტყოდა თავის სიტყვას და საზოგადოებას აუწყებდა დასკვნას მსჯავრდებულ დეკანოზთან მიმართებაში. მე ამ სინოდის სხდომას ვუწოდე წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უბრალოდ ველოდებოდით, როდის დასრულდებოდა შემდეგი ინსტანციები. ახლა დადგა დრო ამ გადაწყვეტილების აღსრულების. მიმაჩნია, რომ ყოველი დღე იქნება ჩვენს საწინააღმდეგოდ. უნდა ველოდოთ, რომ ეკლესია გამოიტანს დასკვნას და იტყვის, რომ მამა გიორგი დღემდე არის უდანაშაულო პატიმარი. მე მაქვს მოლოდინი, რომ ბოლო სიტყვას იტყვის უფალი ღმერთი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მამა გიორგი მამალაძის საქმის წარმოებაში მიუღებლობის შესახებ, ჭყონდიდის მიტროპოლიტი უსირცხვილო და უტიფარ გადაწყვეტილებას უწოდებს.

მეუფე პეტრეს ამბობს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს და მისი თქმით, ადრე თუ გვიან, სამართალი აუცილებლად იზეიმებს.