მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე იმსჯელებენ
მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე იმსჯელებენ

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომაზე საუბარი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხს შეეხება.

„ეს სხდომა, ასე ამბობენ, ჩაინიშნა სპეციალურად ამ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით, ანუ კორონავირუსთან დაკავშირებით, რომ წმინდა სინოდმა იმსჯელოს. ძირითადი თემა იქნება, როგორ მივიღოთ მონაწილეობა ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში. შეიძლება, ითქვას, როგორ დავამარცხოთ ვირუსი, როგორ გავაკეთოთ დაცვა ამ ვირუსისგან. რაც მთავარია, სასულიერი პირების დანიშნულებაა, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, რომ გადალახონ აი ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, პანიკა და სულიერი სიმშვიდე როგორ მოიპოვონ. ჩვენი ეკლესია საგულდაგულოდ ეცნობა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს. ვცდილობთ, შევიმუშაოთ ჩვენს პირობებში, ღვთისმსახურების პირობებში როგორ შეიძლება ამის გათვალისწინება. ვცდილობთ ამის გაკეთებას, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი. ადამიანის ბუნება ასე არის მოწყობილი, როცა ძალიან უჭირს, მიდის ღმერთთან. ჩვენ დღეს მართლა, როგორც ამბობენ, რომ დავკეტოთ ტაძარი, ეს გამოიწვევს პანიკას“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სხდომის შემდეგ კი განცხადება გაკეთდება.