მეუფე ნიკოლოზი - მინდა, ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო გადაწყვეტს დავას, შესაძლოა, სასამართლოც შეცდეს, მაგრამ გზა ეს არის
მეუფე ნიკოლოზი - მინდა, ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო გადაწყვეტს დავას, შესაძლოა, სასამართლოც შეცდეს, მაგრამ გზა ეს არის

მინდა, ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო გადაწყვეტს დავას, შესაძლოა, სასამართლოც შეცდეს, მაგრამ გზა ეს არის, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი)  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ამ საკითხზე გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

„პირველ რიგში, უნდა ვნახოთ ეს გადაწყვეტილება და გავარკვიოთ, ეს ყველაფერი. წინასწარ რა უნდა გითხრათ. მე სულ იმას ვამბობ, სამართლებრივ სახელმწიფოში რამდენად ვცხოვრობთ, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ მე მინდა, ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო გადაწყვეტს დავას და ქუჩაში ძალადობრივად არ გადაწყდება საკითხი. სასამართლომ გადაწყვიტოს. შეიძლება, სასამართლოც შეცდეს, არაფერი არ უშლის ამას ხელს, მაგრამ გზა ეს არის, ვიდავოთ სასამართლოში. ორი დღე ვიმუშავეთ ბავშვთა სახლში და ჩვენი კომისია აგრძელებს მუშაობას იმ ბავშვებთანაც, ვინც უკვე წამოიყვანეს იქიდან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. როგორც გავიგე, ახლა კარგ პირობებში არიან და კარგი სპეციალისტები მუშაობენ ამ ბავშვებთან. ახლა პანსიონში არიან ბავშვები, ვისაც იქ ყოფნა უნდა. რადგან არსებობდა საზოგადოებრივი ეჭვები, თითქოს იქ შესვლის საშუალება არ იყო, ახლა იქ საკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკები არიან“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე ისაუბრა სახალხო დამცველის პანსიონში შესვლის საკითხზე.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის შესვლას, აქ იყო პრობლემები და ეს არ იყო მხოლოდ ეკლესიიდან გამომდინარე. თავად სახალხო დამცველის მოქმედებებიდან გამომდინარე იყო ბევრი რამ. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რომ ეს სოციალური მუშაკები შევიდნენ და მუშაობენ ბავშვებთან. თავად სახალხო დამცველის განცხადებაც მოვისმინე, სადაც მას ჰკითხეს, პოლიციის ან სახელმწიფო ძალის გამოყენებით რატომ არ უზრუნველყოფს თავის უფლებას და მან თქვა, რომ პრინციპში, მისი მიზანი ეს სულაც არ არის  და რომ ბავშვებს უფრთხილდება. ეს ძალიან სწორი პოზიციაა და შესაბამისად უნდა მომზადდეს ამისთვის ნიადაგი, სწორედ ამიტომ არიან ახლა იქ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სულ არ ვიცით, რა დასკვნას დადებენ ისინი. ერთი მხრივ, მუშაობის ყველა პირობა აქვთ და მეორე მხრივ, ყველანაირი კონტაქტი აქვთ გარე სამყაროსთან, ჩაკეტილები არ არიან. მათთვის რაიმე მიუღებელი თუ იქნება, გვამცნობენ ალბათ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, თავად არის თუ არა თანახმა, რომ სახალხო დამცველი პანსიონში შევიდეს, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა, რომ თანახმაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება წინასწარი შეთანხმებით.

„იცით რა, თანახმა ვარ, ოღონდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რომ ეს არ იყოს ამ წუთას იქ რომ მივიდეს და აუცილებლად შევიდეს. ამ ვითარებაში ეს იქნება სტრესი ბავშვებისთვის. მე სწორედ ამის მომხრე ვარ, გავანეიტრალოთ ეს სტრესი. შევიდეს, რატომ არ უნდა შევიდეს, არ ვიცი“, – აღნიშნა მან.

საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.
დატოვე კომენტარი