მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - სააკაშვილი ვაზიარე, 40 დღე მშრალ მარხვაზე იმყოფებოდა და მან ძალიან დიდი ღვაწლი გასწია, ისტორიაშიც გვქონია მაგალითები, ერთ-ერთი იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - სააკაშვილი ვაზიარე, 40 დღე მშრალ მარხვაზე იმყოფებოდა და მან ძალიან დიდი ღვაწლი გასწია, ისტორიაშიც გვქონია მაგალითები, ერთ-ერთი იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა

საპყრობილეში მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მან მიიღო წმინდა ზიარება, ვაზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი 40 დღე მშრალ მარხვაზე იმყოფებოდა, შემდეგ ჩააბარა აღსარება და ეზიარა, რაც მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ძალიან დიდი ღვაწლი გასწია.

„დღეს არის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე, ისტორიული დღე. საპყრობილეში მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მან მიიღო წმინდა ზიარება, ვაზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მასზე ხშირად ამბობენ, მოინანიოს, შეინანოს. მინდა გითხრათ, რომ სინანული, ქრისტიანული გაგებით, თვალთახედვით არის მოქმედება და ეს არ არის ნიანგის ცრემლები, ანუ მოჩვენებითი აღიარება იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილედან თავი დაიხსნას, რაც სამწუხაროდ, ბევრჯერ გვინახავს. ეს არის პიროვნება, რომელიც ცხრა წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, ცხრა წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და მე ვიტყვი სხვანაირად – ქრისტიანულად.

40 დღე იმარხულა მშრალი მარხვა. ამის შემდეგ თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია, ვიღებ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ. არასოდეს, არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად. მე დეტალებს ვერ მოგიყვებით რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება და ვისაც თვალში ეცოტავება, იმარხულეთ 40 დღე, შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწიეთ. ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რაც ამ ადამიანმა გასწია. ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის და გაძლიერებისთვის, კიდევ იცით რისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, რომ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენა.

მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და ასეთი, 40 დღე მშრალი მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება, ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი. შემიძლია ისტორიული მაგალითები დავასახელო მხოლოდ. თანამედროვე ისტორიაში მე ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და 50-ე ფსალმუნი დაგვიტოვა. ეს იყო დავით მეფე აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა,  რადგან უცოდველი არავინ არის და მასაც საკმაოდ დიდი ცოდვები ჰქონდა. ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანებელი მეფე, რომელიც ძალიან მძიმე ცოდვებით იყო და ცოდვები თავისი მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს იყო შიმშილობა, თუ მარხვა, ნიკოლოზ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებისთვის იყო შიმშილობა, ხოლო მისთვის მარხვა.