მეუფე იობი - გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი, ამ დროს ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს
მეუფე იობი - გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი, ამ დროს ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა მედიასთან ყინწვისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მედიის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს, რა მოხდა სასულიერო პირებს შორის, რატომ გაისროლა მამა დავითმა მამა საბას ავტომანქანის მისამართით.

მეუფე იობის თქმით, დაპირისპირება საერო პირებს შორის დაიწყო.

მისივე თქმით, გასროლა ნასვამ მდგომარეობაში, ჰაერში, შესაშინებლად განხორციელდა.

„არაფერი არ მომხდარა, გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი. არ ყოფილა მსგავსი შემთხვევები ხშირი, საერთოდ არ ყოფილა მსგავსი. თქვენ ისიც თქვით, თითქოს მონასტერში მოხდა, მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამ, არც ეპარქიაში. შელაპარაკება იყო, მაგრამ მათ შორის არ იყო. ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი, მეტი არაფერი.

ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, მამა საბამაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და მამა დავითიც ალბათ, იტყვის როცა გამოვა. ის იარაღს არ ატარებდა. როგორც ერის ადამიანებში არსებობს, რომ სვამენ, ასევე სასულიერო პირებშიც არის, პირველად ხომ არ გესმით ეს. ყველაზე მკაცრად ვექცეოდი მამა დავითს, თუ გადახედავთ, ყველაზე მეტი აკრძალვები აქვს“, – განაცხადა მეუფე იობმა.

კითხვაზე, შესაძლოა, საპატრიარქომ განიხილოს თქვენი საკითხი და უფლებამოსილება შეგიჩეროთ, მეუფე იობმა ასე უპასუხა:

„რისთვის უნდა შემიჩერონ უფლებამოსილება, მე რა დავაშავე, რას ვმფარველობ, არავითარ შემთვევაში არანაირი მფარველობა არ მაქვს არავისთან. ნასვამობამ არც ერის კაცი იცის და არც სასულიერო პირი. როცა სვამს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია, თუ ერის კაცია. იშვიათად სვამდა“, – განაცხადა მეუფე იობმა.

მან არ დაადასტურა, რომ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გავლენის მოპოვების მცდელობა იყო.

„არც უჩხუბიათ, სიმართლეს გეტყვით, პირიქით, იმ დღეს მამა საბა იყო ჩამოსული შერიგებისთვის, რაღაცა პატარა კონფლიქტი ჰქონდათ და ჩემი თანდასწრებით შერიგდნენ. კონფლიქტი ჰქონდათ ნასვამობასთან დაკავშირებით. თქვენ თუ დაინტერესდებით, გააკეთეთ ჟურნალისტური გამოძიება და ყველაფერს სულ სხვანაირად დაინახავთ. ჰაერში იქნა გასროლილი შეშინების მიზნით“, – განაცხადა მეუფე იობმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ ტყვიები მანქანასაც აქვს მოხვედრილი, მეუფე იობმა აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია, ვინ გაისროლა მანქანის მიმართულებით.

„ეგ უკვე არ ვიცი, ვინ მოახვედრა, ეგ თქვენ უნდა გამოიძიოთ“,- დასძინა მეუფე იობმა.

აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება გააკეთა ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემაც.

ყინწვისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მეუფე გერასიმემ აღნიშნა, რომ საპატრიარქოში არსებულმა ზნეობრივმა კომისიამ უნდა იმსჯელოს და შემდეგ საკითხი სინოდმა განიხილოს.

როგორც ზუგდიდელმა მიტროპოლიტმა განაცხადა, ფაქტის შესახებ მედიისგან გაიგო და მისთვის დამატებით სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა.

მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა.

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.