მეუფე იოანე გამრეკელი - სააკაშვილი ჩამოვიდა კანონის დარღვევით, როდესაც დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდე აქეთ ხულიგნობს, იქ შერიგება არ ხდება
მეუფე იოანე გამრეკელი - სააკაშვილი ჩამოვიდა კანონის დარღვევით, როდესაც დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდე აქეთ ხულიგნობს, იქ შერიგება არ ხდება

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი საზღვრის კვეთის კანონის დარღვევით შემოვდა და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ახალი დანაშაული დაემატა.

„საქართველოში მისი ჩამოსვლა მოხდა უკანონოდ, საზღვრის კანონის დარღვევით, ანუ, იმ განაჩენს კიდევ დაემატა ახალი დანაშაული და პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ჩვენ არ შევიწყალებთ, ამიტომ ჩვენ რა პოზიცია უნდა გვქონდეს“, – განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ წმინდა სინოდის წევრთა ნაწილმა მოაწერა ხელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ პეტიციას, მეუფე იოანე გამრეკელი ამბობს, რომ ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა.

„ახლა, რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა“, – დასძინა იოანე გამრეკელმა.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აწერენ პეტიციას ხელს, მეუფე იოანეს განმარტებით, ეს მათი სუბიექტური პოზიციაა.

„ქვეყნის ინტერესი არის, კანონი იყოს დაცული, თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

კითხვაზე, „სამართლიანი სასამართლო გვაქვს? ბევრი კითხვა ჩნდება სასამართლოსთან დაკავშირებით“, – მეუფე იოანემ უპასუხა: „თქვენ ეს კითხვა ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ ეს კითხვა, არა? ასიათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა, მაშინ თქვენ კითხვები არ გქონდათ, ახლა გაგიჩნდათ კითხვები არა? როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდე აქეთ ხულიგნობს, იქ შერიგება არ ხდება“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, „მიხეილ სააკაშვილს გულისხმობთ?“, – მეუფე იოანემ უპასუხა, რომ ეს კითხვა მისთვის გასაკვირია.

„თქვენ მე ძალიან მაკვირვებთ, თქვენ ყველაფერს იღებთ, ინტერვიუებს, ტელევიზორს უყურებთ და ახლა ისეთ კითხვებს მისვამთ, თითქოს არაფერი იცით, მთვარიდან ჩამოვარდით“, – აღნიშნა მეუფე იოანემ.

მეუფე იოანე მიიჩნევს, რომ ყველა მოვლენის ერთნაირად შეფასებაც არასწორია.

„5 ივლისი მახსოვს, მაგრამ ვინ გამოიწვია 5 ივლისი, ეკლესიამ არ გამოიწვია. არის სახელმწიფოს ქმედება, არის კერძო პირების ქმედება, ხულიგნობა სხვა რამეა და ვინც ხულიგნობდა, დაიჭირეს ის ხალხი, კარგად იცით. ამიტომ, ერთ ჯამში ნუ ვხარშავთ ყველაფერს, აჯაფსანდალს ნუ აწყობთ. გეთანხმებით, შერიგება უნდა იყოს, მაგრამ რის საფუძველზე უნდა მოხდეს შერიგება. როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდე აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“, – განაცხადა მეუფე იოანემ გამრეკელმა.

დატოვე კომენტარი