მეუფე იოანე გამრეკელი - მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს, დანაშაული აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება
მეუფე იოანე გამრეკელი - მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს, დანაშაული აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი აცხადებს, რომ მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მისივე თქმით, დანაშაული აღიარებული უნდა იყოს.

როგორც მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, დანაშაული თუ აღიარებული იქნება, შენდობილი იქნება.

„მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მე არც პროკურორი ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან. ჩვენ გვინდა, იყოს მშვიდობა და ერთობა ქვეყანაზე. როდესაც არის ორი დაპირისპირებული მხარე და რაღაც სადავო საკითხები, მაშინ ამ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ. დანაშაული აღიარებული იყოს. აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენს სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით“, – აღნიშნა მეუფე იოანე გამრეკელმა.

მისივე თქმით, საჭიროა შეთანხმება თუნდაც ტერმინებზე.

„მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ეს ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს მაინც გააკეთოს. ვინ? ვინც მკვლელი იყო. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად? ეს რა, მკვლელობა არ იყო?“, – განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს თვალს ადევნებდა და სააკაშვილს 7 ნოემბრის მოვლენებზე არ უსაუბრია.

„მოვისმინე სასამართლო. რა საკვირველია, თქვენც მოისმინეთ. მას დაუსვეს კითხვა 7 ნოემბრის შესახებ. 40 დღის ნაშიმშილები ადამიანი ორი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ლაპარაკობდა. ლაპარაკობდა, ვერ გააჩერეს. და რას ლაპარაკობდა? 7 ნოემბერზე კი არა, რომ თურმე უკრაინა ააყვავა, საქართველო ააყვავა, საოცარი ადამიანია, მთელი მსოფლიო პატივს სცემს. პროკურორმა ჰკითხა, კი მაგრამ, ჩვენს კითხვებზე პასუხი? დავიღალეო. ორსაათიანი ლაპარაკით კაცი დაიღლება, აბა რა, ნორმალური ადამიანი დაიღლება და წავიდა“, – აღნიშნა მეუფე იოანე გამრეკელმა.