ადვოკატი აცხადებს, რომ მეუფე იაკობს სასამართლომ ბოდიშის მოხდა და ერთი ლარის გადახდა დააკისრა
ადვოკატი აცხადებს, რომ მეუფე იაკობს სასამართლომ ბოდიშის მოხდა და ერთი ლარის გადახდა დააკისრა

ქორეპისკოპოს იაკობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთი ლარის გადახდა დაეკისრა, – ამის შესახებ პირველ არხს ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

“მოსამართლემ ახლა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც ჩემი სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა. საუბარია ჩემი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებულ განცხადებაზე. ქორეპისკოპოსმა ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო გადაცემაში, ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, სადაც ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში. ქორეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და ქორეპისკოპოს დააკისრა ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა”, – განაცხადა რამიშვილმა.

მოსამართლემ ქორეპისკოპოს იაკობს ერთი ლარის სიმბოლურად გადახდა დააკისრა. როგორც რამიშვილი განმარტავს, მან ლარი იმ მიზეზით მოითხოვა, რომ მისი პატივი და ღირსება შეუფასებელია. პროცესს მეუფე იაკობი არ დასწრებია.