მეუფე იაკობი უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე - სახელმწიფოს თუ თავისი ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, ვფიქრობ, დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ, რომ ბევრი ადამიანი გამოუშვან
მეუფე იაკობი უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე - სახელმწიფოს თუ თავისი ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, ვფიქრობ, დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ, რომ ბევრი ადამიანი გამოუშვან

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს ციხიდან გათავისუფლებას ულოცავს, როგორც ნებისმიერს მიულოცავდა.

ამასთან, ის ფიქრობს, რომ ამნისტია სხვა ადამიანებსაც უნდა შეეხოთ.

„მივულოცე გათავისუფლება, ნებისმიერს მივულოცავდი, სახელმწიფოს თუ თავისი ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, ვფიქრობ, დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ, რომ ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. შეიძლება ამერიკელებისთვის,  რუსებისთვის ან ევროპელებისთვის პოლიტიკური დევნილები იყვნენ, რისთვის არის და რისთვის იძახიან, რომ პოლიტიკური დევნილები არიან, შეიძლება, ხელისუფლების რაღაც არ მოსწონთ და თუნდაც მაგათ გამო აღიარებენ“,-  განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს და გიგი უგულავას თავად პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ პოლიტიკა ჩარეულია.

„უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი და პოლიტიკა რომ ჩარეული იყო, ჩანდა, ხომ არ მოგატყუებთ. რურუა არც ვიცოდი ტელევიზიის მეწილე რომ ყოფილა. მე პირადად ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში.

ჩემთვის, ჯვარი მწერია, უგულავა და ოქრუაშვილი მისაბაძები არ არიან, ბევრი ვიცი და მაგიტომ ვამბობ.გიორგი რურუასაც გაუშვებენ, ტელევიზიაზე რომ მაგის მეპატრონეობა არ ყოფილიყო, ვის სჭირდებოდა, აქამდე დაიჭერდნენ დაჭერა რომ სდომებოდათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მან ქადაგებისას და შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომ ციხიდან პატრიარქის მიმართ გარკვეული გზავნილები იყო.

„ზოგი საპატიმროებიდან რომ გამოვიდა, ვულოცავ, მაგრამ თავის თავზე და ცოდვებზე უნდა ეფიქრა, იქედან რომ მოუწოდებდა პატრიარქს. რა გაგიკეთებია, თქვენს თავს მიხედეთ და გარედან არავის დარიგება არ გვჭირდება. დარიგება თუ გინდათ, მოდით, წყნარად დაგვარიგეთ და გვითხარით. გიცნობთ ყველას და თქვენგან დასარიგებელი, არავისგან არაფერი არ გვაქვს. ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს თავში იმდენი, სხვას დაარიგო“,- განაცხადა იაკობმა.

გარდა ამისა, მეუფე იაკობმა გაერო-ს გენერალური მდვნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადების თაობაზე, რომელიც „კორონავირუსის ფონზე რელიგიური ლიდერების მიერ მავნე გზავნილების გაჟღერებას“ უკავშირდება, აღნიშნა, რომ ეს გზავნილი მათ არ ეხებათ.

„გაერო-ს მდივანიც ადამიანია და შეიძლება, ცდებოდეს თავის აზრებში, რადგან ახლაც რომ ვიყავი ამერიკაში, ძალიან სერიოზული კითხვები აქვთ თვითონ გუტერეშთან ამერიკელებსაც ოჯახის და ბავშვების თემასთან დაკავშირებით. ჭკუის სწავლებას მივიღებთ იმისგან, ვისგანაც მისაღებია. მარტო თანამდებობა არ არის ის, რომ გადაწყვიტოს და ჭკუა გვასწავლოს. ჩვენ არ გვეხება, ყოველ შემთხვევაში საქართველოში ვერც ერთ რელიგიურ ჯგუფს ვერ ვხედავ, რომ ეხებოდეს. რაც მსოფლიოზე ზეგავლენა მოხდა, ომები გააჩერეს უცბად, კორონასი შეეშინდათ და იმიტომ აღარ ომობენ? მეც ბევრი კითხვა მაქვს. მარტივად გეტყვით, შეიძლება ჩვენთვისაც მოეწოდებინათ, წირვები არ ჩაატაროთო, იმათ თავიანთი გზა აქვთ და ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს უფალთან. ვიწრო ბილიკით უნდა ვიაროთ, ვიწრო კარიბჭით უნდა შევიდეთ, რასაც უფალი გვავალებს, უნდა აღვასრულოთ ის და თავს არ მოვახვიოთ არავის არაფერი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.