მეუფე იაკობი - ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ხალხი ერთმანეთს გადავკიდოთ, ჩვენ გვიყვარს უკრაინა და უკრაინელები, ღმერთის გარდა, არავისთან ვართ ვალში
მეუფე იაკობი - ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ხალხი ერთმანეთს გადავკიდოთ, ჩვენ გვიყვარს უკრაინა და უკრაინელები, ღმერთის გარდა, არავისთან ვართ ვალში

ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ხალხი ერთმანეთს გადავკიდოთ, ჩვენ გვიყვარს უკრაინა და უკრაინელები, – ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, არავის უნდა უხაროდეს სხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის ლანძღვა.

მისივე განმარტებით, ასეთი ნეგატიური შეფასებები არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მთლიანდ ერის მიმართ.

„ვიღაც სულმოკლეები, რომლებიც ჩემს ქვეყანას მიმართავენ, საქართველოს რამე რომ გაეკეთებინა, ომს მოიგებდნენ? ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ. ჩვენ ვეხმარებით და ყოველთვის დავეხმარებით. უკრაინელების დახმარება მე არ დამავიწყდება. აფხაზეთის ომში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ და უკრაინელებმა მე სიცოცხლეც გადამირჩინეს. ვინმე თუ შემოვიდა, ვიომებთ ჩვენ, მაგრამ ძალით რატომ უნდა გინდოდეს ომი, ძალა გვაქვს? ჩვენებს ნუ უხარიათ ხოლმე, ვიღაცა სხვა ერის წარმომადგენელი ცუდს რომ ამბობს, თუნდაც მთავრობაზე. საბოლოოდ რამხელა ბოროტება კეთედება. იმათი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენზე იძახიან, რას აკეთებენო და მთავრობას აგინებენ. ზოგიერთ ოპოზიციას უხარია, რომ აგინებენ. დამთავრდება ომი და მერე იტყვიან, ქართველები არ დაგვეხმარნენო. რამდენი წელია, საუკეთესო ურთიერთობები გვაქვს, ვმეგობრობთ და მონათესავე ერები ვართ, არა წარმოშობით, არამედ სულით მონათესავე ქრისტიანი ერები ვართ. უნდა თქვან, რომ ქართველები გვმტრობდნენო, რომელიმე ჩვენგანი ვმტრობთ იმათ? მე ჩემი ერის შეურაცხყოფას არავისგან მოვითმენ. შენ რომ გიჭირს, ჩემი გაჭირვება არ უნდა გინდოდეს. ძალიან დიდი რამე გაგვიკეთა ჩვენ მსოფლიომ? ჩვენგან რას ითხოვენ? ლოცვით ვუდგავართ, ყველაფერში ვუდგავართ გვერდში, დახმარება შეგვიძლია – ვუდგავართ და დავუდგებით კიდეც, ჩვენი ერის ასე აბუჩად აგდება არ შეიძლება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ სკამისთვის ბრძოლის ნაცვლად, ადამინისთვის საკუთარი ქვეყანა უნდა წარმოადგენდეს მთავარი ინტერესის საგანს.

„ჩვენთანაც უნდა მივხვდეთ, რომ ამ სკამებისთვის ბრძოლას თავი დავანებოთ. ერთი შერიგება რა გახდა, თუ რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი შეგაქებს, უნდა გაგიხარდეს? ზელენსკი, მაკრონი, თუ პუტინი, ვინც არ უნდა იყოს, მე იმათზე ვიძახი. ჩემი ქვეყნის ინტერესები მაინტერესებს პირველ რიგში და ასე არიან სხვებიც. თქვენ თქვენი ოჯახები ხომ გაინტერესებთ პირველ რიგში, მერე სხვაგანაც გაიხედავთ, ასეა სახელმწიფოც. ღმერთმა გონიერება მოგვცა და ყველაფერს ნუ ავყვებით ხოლმე. ჩვენი ქვეყნის გინება, მთავრობაზე არ არის მხოლოდ, ჩვენზე გადმოდის ეს გინება.

სულმოკლეები ნუ იქნებიან, სულგრძელები გახდნენ, დიდი კაცები გახდნენ, პატარა კაცები ნუ ვიქნებით, ნურც ჩვენ და ნურც ისინი. ჩვენ ნუ დაგვაბრალებენ, რომ დარიალი არ ჩაკეტე და ამის გამო დააქციე. ჩვენ თავი გაგვანებონ, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ხალხი ერთმანეთს გადავკიდოთ. ჩვენ გვიყვარს უკრაინა და უკრაინელები, ჩვენ ღმერთის გარდა, არავისთან ვართ ვალში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.