მეუფე იაკობი - ნიკა მელია უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც ნელსონ მანდელა და მითუმეტეს, ვერც სერვანტესი
მეუფე იაკობი - ნიკა მელია უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც ნელსონ მანდელა და მითუმეტეს, ვერც სერვანტესი

უცხოეთი ცოტა ხანში მოკითხავს ამათ (ოპოზიციას), მელია თუ არ გადაიხდის, უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, ვიცი, ამერიკა და ევროპა როგორ უყურებენ, თუ გამოვიდა, ნიკა მელიას ის ლიდერები დაასამარებენ. როგორც სიტუაციამ გვაჩვენა, ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის და ვერც ნელსონ მანდელა, მითუმეტეს, ვერც სერვანტესი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, გაერთიანებულ ოპოიზიციას რეალურად საქართველოში დასაყრდენი არ აქვს.

„დაიჭირეს მელია, თუ დაჭერა უნდოდათ, ბევრჯერ შეეძლოთ დაჭერა. დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის შემდეგ, სამაჯური რომ მოისროლა იმის მერეც. ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც მეტ შეცდომას დაუშვებდა ხელისუფლება, მთავარი იყო, უცხოეთში დასაყრდენი ეპოვათ. სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს დასაყრდენი. 20 ივნისსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა რომ არ მისულიყო ახალგაზრდების აქციაზე, ვფიქრობ, საქართველოში სიტუაცია სხვანაირად განვითარდებოდა.

მელიას დაჭერა გამოიყენა ოპოზიციამაც. არც 88 კაცს არ უნდა მიეცა ხმა (მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებისთვის), სინოდშია ხოლმე რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი, პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორ უნდა ჰქონდეს? შემდეგ იყო სასამართლო. როცა გარედან უყურებ პროცესებს, ცოტა ცუდად ჩანს. ვერ დამიჭერთო, სხვებიც ამბობდნენ არ გაგატანთო, კარგად ვნახე, ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი იქიდან გარბოდა, შეატოვეს მელია, დაიჭირეს. ამერიკიდან და ევროპიდან სრულიად სამართლიანი საყვედურები, მძიმე გაცხადებები წამოვიდა. როგორც სიტუაციამ გვაჩვენა, ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის და ვერც ნელსონ მანდელა, მითუმეტეს, ვერც სერვანტესი. ახლაც არც ერთი ლიდერი არ დაზიანდა ნიკა მელიას დაკავების დროს, ისევე როგორც 20 ივნისს. უცხოეთი ცოტა ხანში მოკითხავს ამათ (ოპოზიციას), თუ არ გადაიხდის მელია (გირაოს თანხას) უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, ვიცი, ამერიკა და ევროპა როგორ უყურებს, თუ გამოვიდა, ნიკა მელიას ის ლიდერები დაასამარებენ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობმა ყველა მხარეს შერიგებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეკლესია მზად არის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

„ვისაც საქართველო უყვარს, ეს სიტუაცია ყველას ძალიან დააფიქრებს. ჩემი აზრით, ყველაფერი არასწორად ვითარდება, ალბათ, ცოტა რომ დაწყნარდება სიტუაცია, მაგაზეც ვისაუბრებ. არჩევნების ჩასატარებლად მობილობამ გამოიწვია ის, რომ აგვისტოს შემდეგ ეპიდემია გაძლიერდა საქართველოში, ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა, ამ პოლიტიკას 3 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო, როგორც ჩანს, ესეც კი არ გაითვალისწინეს პოლიტიკოსებმა. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში იყო, ოპოზიცია აწვებოდა. ოპოზიციიდან მხოლოდ ერთმა ახსენა რამდენჯერმე, რომ გადადებულიყო. რა მივიღეთ, არც პარლამენტში შედიან. დღეს რაც ხდება, სამწუხარო სანახავია. ხშირად ვთავაზობდი გამოსავალს. ხომ არ ვეუბნებოდი, ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა, მოსულიყვნენ ჩვენთან, რომ შერიგებულიყვნენ, ქართველი ქართველს ადამიანურად დალაპარაკებოდა.

როდესაც ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ და ჩვენი მეგობრები ამბობენ, მოილაპარაკეთო, კიდევ ერთხელ ვთავაზობ, არ გაიფხორონ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, ხალხის განწყობა ვიცი. სამწუხაროდ, ბევრს გაუხარდა ნიკას დაჭერა, ბევრს ეტკინა, ოჯახს ეტკინა. ცალკე მსოფლიო მოთხოვს და ელოდება, გადაიხდის, თუ არა (გირაოს თანხას)“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.