მეუფე იაკობი - მაინცდამაინც ეკლესიაზე რომ ამბობენ, თუ მაგათ სიტყვას ფასი აქვს, კორონავირუსს უთხრან, წავიდეს, საერთოდ გაშორდეს კაცობრიობას
მეუფე იაკობი - მაინცდამაინც ეკლესიაზე რომ ამბობენ, თუ მაგათ სიტყვას ფასი აქვს, კორონავირუსს უთხრან, წავიდეს, საერთოდ გაშორდეს კაცობრიობას

ახლა ყველა ვართ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სახელმწიფოც, ეკლესიაც, ნებისმიერი მცხოვრებელი, ნელ-ნელა მოვაგვარებთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მეუფემ განაცხადა, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თვითშეგნება, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

„მაინც და მაინც ეკლესიებში რომ გვეშინია ადამიანი რომ მივიდეს, ქუჩაში დღეში საშუალოდ მილიონ ნახევარი კაცი მაინც გამოდის, მაღაზიებში თუ ისე, რომ დადიან აუცილებელ საქმეზე, ვთქვათ სურსათი რომ შეისყიდონ, რა, არ შევასყიდინოთ სურსათი? უნდა შევასყიდინოთ. უცხოეთიდან რომ შემოდიან ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც აუცილებლად უნდა მივიღოთ, იქაც ხომ დიდია პროცენტი იმისა, რომ დასნებოვნებულები შემოვიდნენ, მაგრამ რა, არ უნდა მივიღოთ? უნდა მივიღოთ რა თქმა უნდა. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თვითშეგნება უნდა გვქონდეს თითოეულს იმდენი, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. თორემ ახლა ის, რომ მაინც და მაინც ეკლესიაზე… კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მსოფლიოს რომელი ძალებისგანაც, ჩვენს ქვეყანაში რომელი პარტიებიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მაინც დამარცხდებიან ღვთის წინაშე. თუ რამის ძალა აქვთ, თუ მაგათ სიტყვას ფასი აქვს, კორონავირუსს უთხრან, რომ წავიდეს, საერთოდ გაშორდეს კაცობრიობას. დარეგულირდება ყველაფერი, თქვენ მარტო ცუდს ნუ ხედავთ, კარგიც დაინახეთ. მოხდა ეს, გამოვასწორებთ“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

კითხვაზე, თეოლოგები ამბობენ, რომ ეკლესია არ აფასებს სათანადოდ საფრთხეებს, ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ისინი სარწმუნოებაში ვერ ერკვევიან.

„რომელი თეოლოგები, გვარები მითხარით. ღვთისმეტყველი იცით რა არის. ეკლესიამ ზოგადად ღვთისმეტყველი უწოდა სამ პიროვნებას, იოანე ღვთისმეტყველს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს. ნებისმიერი, თუნდაც ეპისკოპოსი ღვთისმეტყველად ითვლება, მაგრამ ჩვენ არ ვთვლით ჩვენს თავს ღვთისმეტყველებად, ეს განსაკუთრებული აღიარებაა ღვთისმეტყველება და იმათ შეიძლება თქვან, რომ დიპლომი აქვთ თეოლოგის. ეგენი სარწმუნოებაში ვერ ერკვევიან საერთოდ, ვინც არიან ვუსმენ ხოლმე, საერთოდ ვერ ერკვევიან. სამწუხაროა, მაგრამ შეიძლება უმაღლესში ვისწავლოთ, დავამთავროთ და აზრზე არ ვიყოთ, რას დავამთავრებთ და დიპლომი ავიღოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ვის ეკუთვნოდა ვერტმფრენი, რომლითაც მეუფე იაკობმა გარკვეული რიტუალი ჩაატარა.

„ეს ვერტმფრენი იყო ის ვერტმფრენი, რომლითაც ღვთისმშობელმა შემოიარა. ცოტა ხანში კიდევ იქნება საჭირო სხვა ვერტმფრენი, თუ სხვა საფრენი აპარატი კიდევ იქნება. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვის ეკუთვნოდა, მთავარია რა ჩატარდა. ამერიკელებს რატომ არ უსვამთ ამ კითხვას, როდესაც ნიუ იორკის თავზე ნაკურთხი წყალი ასხურეს, რატომ არ უსვამთ მაგ შეკითხვებს. თქვენთვის რა არის საინტერესო, ვისი იყო ვერტმფრენი, მერე ის უნდა თქვათ, ეგ თანხა მაგაში არ უნდა დაეხარჯათო. ჩვეულებრივად, ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღვთისმშობლის კურთხევა იყო საქართველოზე მთლიანად, შეიძლება თბილისს და ცოტა გარეთაც შემოვუფრინეთ, მაგრამ საქართველოზე იყო ზოგადად და მსოფლიო დალოცოს უფალმა. მსოფლიოს გაჭირვება, ჩვენი გაჭირვებაა ასევე. მნიშვნელობა არ აქვს ქართველია, არაქართველია, მართლმადიდებელია, არამართლმადიდებელია, ყველა დაიფაროს უფალმა, აბსოლუტურად ყველასთვის ვლოცულობთ“,- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.