მეუფე იაკობი - ხელისუფლებამ დაიბარა საჯარო სამსახურის თანამშრომლები და უთხრა, თუ წახვალთ აღდგომის ღამეს წირვაზე, დაკარგავთ სამსახურებსო, ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს

ხელისუფლებამ დაიბარა საჯარო სამსახურის თანამშრომლები, მასწავლებლები და სხვები, და უთხრა, თუ წახვალთ აღდგომის ღამეს წირვაზე, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები დაკარგავთ სამსახურებსო და ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.

„ეკლესიას ვერ მიაყენებ დარტყმას, დარტყმას თუ მიაყენებ, მხოლოდ საკუთარ თავს. დღეს გამოსული ვიყავი ქალაქში, 12:00 საათამდე ვიარე. რაც დღეს ხდებოდა, ეს რიგები იყო? სილიოტკები ხომ არ ვართ, რომ ჩაგვალაგონ, კილკის ქილაში ხომ არ ვართ? სპეციალურად ავრცელებენ, რომ მერე ჩვენ დაგვაბრალონ? დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ. ყველგან არეულობა იყო. ყველამ მიხედოს თავის საქმეს.

ხალხი შეგუებული იყო ბევრი, რომ არ უნდა წასულიყო, ახლა რას აკეთებენ, ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ? ქუჩაში რომელიმე მათგანი გგონიათ წინ დამხვდება? კი არ ვიმუქრები, მაგრამ რომელიმე გაბედავს და დამხვდება წინ? გაიპარებიან.

გეტყვით, ჩემთან ეპარქიაში როგორც ხდება. ხელისუფლებამ დაიბარა საჯარო სამსახურის თანამშრომლები, მასწავლებლები და სხვები და უთხრა, თუ წახვალთ აღდგომის ღამეს წირვაზე, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები დაკარგავთ სამსახურებსო და ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.