მეუფე იაკობი - ძალიან გულითადი საუბარი გვქონდა, არ გვქონია პრეტენზიები, სიტუაცია უცებ აგორდა, მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ
მეუფე იაკობი - ძალიან გულითადი საუბარი გვქონდა, არ გვქონია პრეტენზიები, სიტუაცია უცებ აგორდა, მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) აცხადებს, რომ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ძალიან გულღია საუბარი ჰქონდა და განიხილეს ყველა ის პრობლემა, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით არსებობს.

„გვქონდა ძალიან გულღია, აბსოლუტურად გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად, სიტუაცია. შევთანხმდით, სახალხო დამცველი და მე, რომ ალბათ შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში და ვნახავთ ვითარებას. დღეს იქ სოციალური მუშაკები მუშაობენ. თქვენ გთხოვთ, ჟურნალისტებმა მოგვცეთ საშუალება, ალყა რომ გაქვთ შემორტყმული, დიდი სტრესია ბავშვებისთვის და ვერ გამოდიან იმ სტრესიდან, მოგვეცით საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად და ჩქარა შევიდნენ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, საჭიროა ბავშვების ინტერესების გათვალისწინება.

„ჩვენ რომ შევხვდით, გულითადი საუბარი გვქონდა, არ გვქონია პრეტენზიები. სიტუაცია უცებ შეიქმნა, აგორდა და აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასეთი დაძაბული სიტუაცია. უკვე აღარც არის დაძაბული, თქვენ, ჟურნალისტები თუ არ დაგვიძაბავთ იქ, ძალიან სწრაფად შევლენ. ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით, ყველას ერთად, ბავშვები გუშინ გეუბნებოდნენ, წადით, გარეთ გვინდა სეირნობა, თქვენ გამო ვერ დავდივართ, წადითო“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა გეგმა, რამდენი ბავშვი იქნება ახალი ტიპის სახლებში, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ნინოწმინდაში, ახალი ტიპის სახლებში ექვსი ბავშვი იქნება.

„ჩვენი კანონმდებლობით შეიძლება 10-მდე ბავშვი. მაგრამ, როდესაც საუბარი გვქონდა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან, გვითხრა, რომ მსოფლიო სტანდარტით შესაძლებელია ექვსი ბავშვი. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ მსოფლიო სტანდარტით, რადგან ჩვენ ძალიან კარგი ბავშვთა კანონი გვაქვს. ჩვენთანაც ჩამოვა 10-დან ექვსამდე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პანსიონის ადგილზე დღის ცენტრი იქნება.

„აქ იქნება დღის ცენტრი. გავაკეთებთ ყველაფერს. ჩართული იყო აქამდე სახელმწიფო, საპატრიარქო, ევროკავშირი, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, „ვორლდ ვიჟენი“. ახლა დაემატა და უკვე მონაწილეობს სახალხო დამცველი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.