მეუფე იაკობი - ჟურნალისტების დარბევა ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვწუხვარ, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ
მეუფე იაკობი - ჟურნალისტების დარბევა ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვწუხვარ, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ

ჟურნალისტების დარბევა ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვწუხვარ, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ, – ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში ნინოწმინდის საკითხზე აქვს შეხვედრა.

„ორი დღეა, ვფიქრობ, რაც მოხდა. ჟურნალისტების დარბევა ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეკლესიას რომ არ აწყობდა, ორი აზრი არ არსებობს. აბსოლუტურად არავის ვაძლევდი საშუალებას თქვენთან მოახლოების, თუ სიტყვითაც უნდოდათ აგრესიის გამოხატვა, დამეთანხმებით, რომ არ ვაძლევდით მაგის უფლებას.

აქ ნინოწმინდის საკითხზე მაქვს შეხვედრა. ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ, თუმცა, ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. რატომ, გეტყვით. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ, უშუალოდ მე თაბაგარსა და სხვებზე არ ვლაპარაკობ, ვინც მაგათ უკან იდგა და აძალებდნენ, არ შეეცვალათ და არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ, ვიცოდი.

როდესაც დაანონსდა, რომ უნდა ჩატარებულიყო მარში, საზოგადოებამ გამოხატა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია. ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის უცხოეთი. ჩემი ხალხი ჩემთვის არის მთავარი, რადგან ისინი შეიძლება, ბევრ რამეში ცდებოდნენ. როდესაც უცხოეთში ხდება ხოლმე არეულობები, ჩვენ არ ვერევით.

ეკლესია არც ერთი ცოდვის დემონსტრირებას არ მიესალმება არასდროს და აბა, ეკლესია თუ მაგას მიესალმა, მაშინ ეკლესია აღარ ჰქვია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.