მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის აზრით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა
მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის აზრით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა

ბოდბელი ეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის აზრით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა. მისივე თქმით, აღნიშნული პოზიცია პირადად პატრიარქისგან აქვს მოსმენილი.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი სავარაუდოდ შემოდგომაზე შეიკრიბება და ერთ-ერთ საკითხად ე.წ. ციანიდის საქმეზეც იმსჯელებს.

„ალბათ შემოდგომაზე შევიკრიბებით. კონკრეტულად მაგ საკითხზე არა, მაგრამ ერთ-ერთი ეგეც იქნება. ეკლესიას რომ გვჯეროდეს, უდანაშაულოა, აქამდე გამოვიყვანდით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკლესიის წარმომადგენლები განაჩენს ვერ გამოუტანენ, თუმცა დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

„მაგას ვნახავთ. ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო“, – აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

​რაც შეეხება კითხვას, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საპატრიარქოს პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო თუ არა, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო.

„ჩვენ არ ვმალავდით. მე თავიდანვე გითხარით, რომ გვცოდნოდა, არ იყო დამნაშავე, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ციხიდან გამოიყვანდა. ეს ჩემი პირადი განცხადებაა. პატრიარქზე რაც ვიცი, გითხარით“, – დასძინა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

​კითხვაზე, რას ფიქრობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაზე, რომელიც მას ადანაშაულებს, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „მარტუარა ადამიანია, რა უნდა ვთქვა. ტყუილია“.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ გეგმავს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, ჩვენ არ შევალთ“.

„მეუფე გრიგოლს თავისი აზრი აქვს. სხვათა შორის, მეუფე გრიგოლმა ჩემთან საუბარში თქვა, რომ დამნაშავეა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება საპატრიარქოში მისი გავლენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია, პატრიარქის ქორეპისკოპოსი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რომელ გავლენებზეა საუბარი.

„თქვენ სადმე ჩემს გავლენას ატყობთ? სად შეატყვეთ, მითხარით. ადამიანი ყოველთვის მატყუარა იყო და მატყუარად დარჩება. ჭორიკნები ლაპარაკობენ მაგას. ზოგიერთები თუ არ მოისვენებენ, ვინც ვითომ იცავენ, თვითონაც შარში გაეხვევიან იმიტომ, რომ იტყუებიან. ვინც იცავს, ვინც არ უნდა იყოს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, არის თუ არა მეუფე პეტრე მისი განცხადების ადრესატი, ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა: „მაგას თქვენ ამბობთ“.

​ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრესა და მეუფე გრიგოლის საკითხი დადგეს, რაზეც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა განაცხადა: „არა, მაგათი საკითხი რატომ
უნდა დადგეს“.