მეუფე გრიგოლი - ნუ დავძაბავთ ერთმანეთს, ნუ ვუბიძგებთ უაზრო გმირობისკენ, რომ ეკლესიას ებრძვიან, ეკლესიას ებრძვის გაუნათლებლობა და უმეცრება
მეუფე გრიგოლი - ნუ დავძაბავთ ერთმანეთს, ნუ ვუბიძგებთ უაზრო გმირობისკენ, რომ ეკლესიას ებრძვიან, ეკლესიას ებრძვის გაუნათლებლობა და უმეცრება

ნუ დავძაბავთ ერთმანეთს და ნუ ვუბიძგებთ უაზრო გმირობისკენ, რომ ეკლესიას ებრძვიან. ეკლესიას ებრძვის გაუნათლებლობა, უმეცრება,- ამ სიტყვებით მიმართა მრევლს წირვის შემდეგ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

როგორც მან აღნიშნა, ქრისტიანს არ ეშინია დევნის, სიკვდილის, მაგრამ უაზრო მსხვერპლი მიუღებელია.

„არაჩვეულებრივ, არაორდინალურ საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრობს დღეს ქვეყანა და ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ ამ თემას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა მდგომარეობა არის და სახელმწიფომაც მიიღო დადგენილება ამ ვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მძიმე ტვირთად აწვება მთლიანად სახელმწიფოს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ავალდებულებს მის შესრულებას. მეორე მხრივ, ჩვენი მონაწილეობა პიროვნული, პერსონალური იყოს ის, რომ ლოცვით შევეწიოთ ამ საქმეს და არ მოვდუნდეთ. კი არ დავშორდეთ ღმერთს, კი არ დავშორდეთ ეკლესიას, კი არ დავშორდეთ რწმენას, არამედ პირიქით, უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს, დავუახლოვდეთ ღმერთს. იყო დრო, როდესაც არათუ ტაძარში შესვლა იკრძალებოდა, არამედ ანგრევდდნენ ტაძრებს, ადამიანები საიდუმლო ადგილებში მიდიოდნენ სალოცავად. ბევრად უარესი მდგომარეობა იყო, როდესაც უღმერთო ხელისუფლების იყო. ვიცით, რომის იმპერიაში, თუ საბჭოთა პერიოდში რა მდგომრეობაში იყო ქრისტიანობა.

ნუ შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას, ნუ დავძაბავთ ერთმანეთს და ნუ ვუბიძგებთ უაზრო გმირობისკენ, რომ აი, ეკლესიას ებრძვიან. ეკლესიას ებრძვის გაუნათლებლობა, უმეცრება, თორემ მე გეტყვით ასეთ რამესაც, ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად უამრავ ადამიანს უსწრაფავენ სიცოცხლეს, თვითმკლელები რომ არიან, რომლებიც ტერორისტულ აქტებს აწყობენ, ათსობით ადამიანს ხოცავენ. მორწმუნეები არიან ისინიც, მათაც სწამთ ღმერთი, მთავარია, რა გწამთ და როგორ გწამთ, ეს არის მნიშვნელოვანი და გახსოვდეთ, ქრისტიანენი მოწამე ადამიანები არიან, ქრისტიანის არა მარტო ფიზიკური დევნის ჟამს, არამედ ასეთი ყოველდღიური ცხოვრების დროსაც მოწამეობაა. ხომ ხედავთ ადამიანები, თუნდაც დროის მოკლე მინაკვეთში, რომ განერიდონ ადამიანებს, დაიცვან საკუთარი თავი და სხვაც, როგორ გაურბიან და როგორ უჭირთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესენი ცუდი ადამიანები არიან, ისინი თავის სისუსტეს ამჟღავნებენ, თავის ურწმუნოებასა და სასოწარკვეთილებას. ქრისტიანობა სწორედ ის არის, რომ გაიღო მსხვერპლი სხვათათვის, ვითარცა ქრისტემ ჩემთვის, მე თქვენთვის, თქვენ თითოეულმა ერთმანეთისთვის და სამყაროსთვის. აი, ასეთი მაღალი ქრისტიანული და სამოქალაქო შეგნება გვჭირდება დღეს, სჭირდება ეკლესიას, სჭირდება მთელს ერსა და ქვეყანას და თუ ჩვენთან შედარებით იოლი ფორმებით მიდის ეს ეპიდემია, მოდით, მადლობა შევწიროთ ღმერთს და ვეცადოთ, რომ ეს ტემპი არ დავამძიმოთ კიდე უარესად, მაქსიმალურად ღვთის შემწეობით და თავდადებული ადამიანების პროფესიული მოღვაწეობით, შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით და ნაკლები სიმძიმით გავიაროთ, ეს შესაძლებელია. თუმცა, განსაცდელი ჩვენ ყოველდღიურად გველოდება, ჩვენ არ გვეშინია სიკვდილის, არ გვეშინია დევნის, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია უაზრო მსხვერპლი, აი, ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი“- განაცხდა მეუფე გრიგოლმა.