მეუფე გრიგოლი - კარგი იქნებოდა, წინდაწინ გვემსჯელა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი
მეუფე გრიგოლი - კარგი იქნებოდა, წინდაწინ გვემსჯელა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი

კარგი იქნებოდა, წინდაწინ გვემსჯელა, ამ საკითხის ყველა მხარე განგვეხილა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე პეტრე ცაავას მღვდელთმთავრობიდან განყენებასთან დაკავშირებით.

მისი მოსაზრებით, მსგავს გადაწყვეტილებას წინ მეტი ინფორმაცია და მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს.

„ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო. გადაწყვეტილებები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, სწორედ იმ ტიპის გადაწყვეტილება არის, როცა მღვდელმთავრის განყენება ხდება. მას, ალბათ, უნდა მეტი ინფორმაცია, მეტი მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს. ის, რაც ახლა მოხდა, ეს არ იყო ცნობილი არც ჩემთვის. საერთოდ არ არის ხოლმე წინასწარ ცნობილი სინოდზე განსახილველი საკითხების ნუსხა“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

მისი თქმით, როდესაც საქართველოს ჰყავს გარე და შიდა მტერი,  ეკლესია ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზმია და მასზე ბევრია დამოკიდებული.

„ერთადერთი რამ შემიძლია, გითხრათ – იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ჰყავს გარე და შიდა მტერი და როდესაც ასეთი უმძიმესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია არსებული რეალობიდან და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანიზმია, ინსტიტუციაა და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ჩვენი ქვეყნის როგორც სადღეისო, ისე სამომავლო ჭრილში.

ამას განსაკუთრებით მოფრთხილება და ღრმად დაფიქრებული მიდგომა სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მეტი არაფრის თქმა შემიძლია, კარგი იქნებოდა, ყოფილიყო უფრო მეტი ინფორმაცია წინასწარ, რათა წინდაწინ გვემსჯელა, განგვეხილა ყველა მხარე ამ საკითხის, დადებითი და უარყოფითი, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“.