მეუფე გრიგოლი - ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ქვეყანას ამცნოს თავისი გადაწყვეტილება, არის პატრიარქი
მეუფე გრიგოლი - ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ქვეყანას ამცნოს თავისი გადაწყვეტილება, არის პატრიარქი

ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვა ჩაატარა.

მრევლის მცირე ნაწილი წირვის მიმდინარეობისას ტაძრის ეზოში იმყოფებოდა და მსახურებას იქ ისმენდა. დიდი ნაწილი კი წირვას საკათედრო ტაძარში დაესწრო, სადაც სოციალური დისტანცია სპეციალური სტიკერებით იყო მონიშნული. ზიარება ტაძრის ეზოში, სამ ლოკაციაზე გაიმართა.

ფოთის საკათედრო ტაძარის ეზოში მრევლს წირვის მოსმენა ხმის გამაძლიერებლების მეშვეობითაც შეეძლო.

როგორც მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას აღნიშნა, დღეს შექმნილ ვითარებაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც სააღდგომო მსახურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია.

„რაც შეეხება ღვთისმსახურებას, ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია, ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს-პატრიარქი, რადგან ორი კაცი შეიკრიბება, თუ ათი კაცი, მღვდელმთავრები, ეს არ იქნება მთლიანად ეკლესიის ხმა და არ იქნება საერთო სულისკვეთების გამომხატველი. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა, რომ საგანგებო ვითარებაა, ასე ვთქვათ, ფორსმაჟორი, როგორც იტყვიან, სინოდი ვერ შეიკრიბება, თუნდაც იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაზეც საუბარია. ალბათ კათოლიკოს-პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას. ვინც ებრძვიან ამ ვირუსებს და მკურნალობენ ადამიანებს, თუ ისინი ამბობენ, როგორც პატრიარქი გვეტყვის, ისე მოვიქცევითო, მე, მღვდელმთავარი, როგორ ვიტყვი ახლა. რა თქმა უნდა, ამ ფორსმაჟორში მისი აზრი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მღვდელთმთავარი აღდგომის ღამეს წირვის აღსრულების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მსახურება ღია ცის ქვეშ გაიმართოს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადამიანებს ექნებათ ტაძარში მოსვლის შესაძლებლობა, მაშინ მსახურება გაიმართება აუცილებლად გარეთ. ამ შემთხვევაში, ეს დიდი ალბათობით შეიძლება, იყოს იქ, სადაც წყალკურთხევის ემბაზია. შეიძლება, იქ აღსრულდეს მსახურება, სადაც ირგვლივ დიდი სივრცეა და ადამიანებს ექნებათ საშუალება, დაესწრონ, თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ. თუ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, უამისოდ შესრულდება. უსისხლო მსხვერპლშეწირვა, რასაც ჩვენ ლიტურგიას ვეძახით, აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.