მეუფე გრიგოლი - აღდგომის ღამეს, ფოთისა და ხობის ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი, ეს იქნება ნიშანი, რომ მრევლმა ლოცვა დაიწყოს
მეუფე გრიგოლი - აღდგომის ღამეს, ფოთისა და ხობის ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი, ეს იქნება ნიშანი, რომ მრევლმა ლოცვა დაიწყოს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა დიდი პარასკევის მსახურების აღსრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, აღდგომის ღამეს, ზუსტად თორმეტ საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი და ეს იქნება ნიშანი, რომ მრევლმა ლოცვა დაიწყოს.

„ვერავითარი მანძილი, ვერავითარი ადგილი ვერ გაგვყოფს. ჩვენ ერთად ვართ. მე მივიღე გულისტკივილით აღსავსე შეტყობინებები, ძალიან დიდი წუხილი გამოითქვა იმის გამო, რომ ფოთში, შუაღამეს ზარი არ დაირეკებაო და მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ღამით, თორმეტ საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი, გარკვეული დროის მანძილზე და ეს ზარი ყველასათვის იქნება მოწოდება, ნიშანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად ამ დროს დავიწყოთ ლოცვა და გავერთიანდეთ. თუ ის სანთლები გვაერთიანებს, რომლებიც ფანჯრებში ინთებოდა შობას, ნუთუ ზარების ხმა არ გაგვაერთიანებს?!“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, სასულიერო პირები თავის თავზე იღებენ გადაწყვეტილების უფლებას იმ საგანგებო ვითარებაში, როცა რეალურად პასუხისმგებელი კონკრეტული შემთხვევისთვის არ ჩანს.

„ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ ეპარქიები ადგილზე ღებულობენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ტაძრებს, სამრევლოებს თბილისში, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მრევლთან ისაუბრეს და მრევლმა გაიგო მათი თხოვნა და ისინი იქნებიან სახლში, მოძღვარი იქნება ტაძარში და ასე დისტანციურად ყველანი ერთად ილოცებენ. არის ასეთი შემთხვევებიც. ანუ ფაქტი სახეზეა, რომ თითოეული სასულიერო პირი, მღვდელმთავარი იქნება თუ მღვდელი, თავის თავზე იღებს გადაწყვეტილების უფლებას იმ საგანგებო ვითარებაში, როცა რეალურად პასუხისმგებელი კონკრეტული შემთხვევისთვის არ ჩანს,“ – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.