მეუფე გერასიმემ ზუგდიდის ქუჩები აკურთხა
მეუფე გერასიმემ ზუგდიდის ქუჩები აკურთხა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ზუგდიდის ქუჩების კურთხევა დაიწყო. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში წყლის კურთხევის რიტუალის შემდეგ სასულიერო პირები ქალაქის სხვადასხვა უბნებისკენ მანქანებით დაიძრნენ.

ქუჩების კურთხევას ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე შარაშენიძე ხელმძღვანელობდა. სასულიერო პირები პიკაპის ტიპის ავტომანქანით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ და ნაკურთხ წყალს აშხურებდნენ. ქუჩების კურთხევის რიტუალი კორონავირუსს უკავშირდება.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიდის ეკლესიაში, მათ ნებისმიერ დროს სახლში აზიარებენ.

მიტროპოლიტმა მოქალაქეებს, რომელთაც რესპირაციული ინფექციის სიმპტომები აღენიშნებათ, სახლში დარჩენისა და სახელმწიფოსა და ეკლესიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება ეკლესიაში ადგილების მონიშვნას და მრევლის გადანაწილებას, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ყველა მითითებას გაითვალისწინებს, რაც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.