მეუფე დოსითეოსი - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მოვლენების წინ გასწრება არ გამოვიდოდა, სინოდმა ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო
მეუფე დოსითეოსი - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მოვლენების წინ გასწრება არ გამოვიდოდა, სინოდმა ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მოვლენებს წინ ვერ გაუსწრებდა და დღეს ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.

„უბრალოდ, მოვლენების წინ გასწრება არ გამოვიდოდა ამჯერად სინოდზე, რადგან კიდევ არის წინ რაღაც ეტაპები, რომლებიც უნდა მოხდეს და საფრთხილო საკითხია საერთოდ, რომ რაღაც კონკრეტული და კერძო გადაწყვეტილება ახლა გამოტანილიყო. ეს ალბათ უფრო მნიშვნელოვანი და ოპტიმალური იყო, რაც გადაწყვეტილებაც სინოდმა მიიღო. ალბათ გამოქვეყნდება და ნახავთ. კმაყოფილი ვარ შინაგანად იმ მსჯელობებისგან, იმ დაკვირვებისგან, რაც სინოდმა აჩვენა. თუ რამეს ნიშნავს ერთი ეპისკოპოსის ასე ვთქვათ დადებითი შეფასება, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ამბის. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ დროს, რადგან წინ არის ეტაპები და ბუნებრივია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის თქმით, პირადად ის თანახმაა, საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი დაუჭიროს, თუმცა მხოლოდ მისი თანხმობა არ არის მნიშვნელოვანი.

„ეს არის კოლეგიალური ორგანი, სადაც ყველა ეპისკოპოსის გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი, რადგან სულიწმინდის მადლი თანხმობაში ვლინდება და არა რაღაც კერძო პირების კერძო განცხადებაში. ეს ძალა მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის“, – აღნიშნა მეუფე დოსითეოსმა.

როგორც საპატრიარქოში გამართული სინოდის სხდომის შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს,  უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მსოფლიო პატრიარქის დადგენილების შემდეგ მიიღებენ.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ეკლესიის წინამძღოლად არჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის ტომოსს 6 იანვარს სტამბოლში გადასცემს.