მეუფე დანიელმა ილია მეორეს, სალომე ზურაბიშვილს, მამუკა ბახტაძეს, ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა
მეუფე დანიელმა ილია მეორეს, სალომე ზურაბიშვილს, მამუკა ბახტაძეს, ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

ჩვენი ერი და ჩვენი ბერი, ჩვენი სასულიერო და საერო ხელისუფლება სულ უფრო ამთლიანებს თავის ღვაწლს სამშობლოს, ქვეყნის, ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა ფოკაში განაცხადა.

როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, დღეს, არის საზეიმო დღესასწაული და მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ფოკაში იმყოფებიან.

„ამ ზეიმს ესწრება საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე, ეკლესიურად ნინო ზურაბიშვილი და ჩვენ მას ვულოცავთ ანგელოზის დღეს. მისი აქ ყოფნა ამ დღეს, ასეთ დიდ ისტორიულ თარიღზე, ეს არის სიმბოლო, რომ დიახაც, წმინდა ნინოს მადლი მოქმედებს როგორც სასულიერო, ისე საერო დასში და ჩვენი ერის წინამძღოლებში. იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ ქალბატონო ნინო, შეგიწიროთ ღმერთმა ეს ღვაწლი. ასევე მე მინდა აღვნიშნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ღვაწლი არა მარტო ამ დღესასწაულის აღნიშვნაში, არამედ საერთოდ წლევანდელ წელს, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის, საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაულის ასეთ მხარდაჭერაში, მისი სახელმწიფო დონეზე აყვანის საქმეში. მან საეკლესიო დღესასწაული უმნიშვნელოვანესი, გამოაცხადა ეროვნულ დღესასწაულად, მიანიჭა სახელმწიფოებრივი სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ეს ისტორია, ეს კულტურა იყო გადამრჩენელი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ილია მართალი ჭავჭავაძე ბრძანებდა, რომ ჩვენთვის სარწმუნოება არა მარტო იყო ლოცვა, ღვთისმსახურება, არამედ ქვიტკირი, შემადუღებელი ერისა და სწორედ აი, ამას ვხედავთ ჩვენ, რომ ჩვენი ერი და ჩვენი ბერი, ჩვენი სასულიერო და საერო ხელისუფლება სულ უფრო და უფრო ამთლიანებს თავის ღვაწლს სამშობლოს, ქვეყნის, ხალხის წინაშე. ჩვენმა ხელისუფლებამ აღასრულა ხალხის ნება, ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ხალხის სამსახურში იყოს და ეს არის სრულიად საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნება, რომ ეს დღესასწაულები ასე აღინიშნებოდეს. მადლობა ღმერთს ამ წყალობისათვის, მადლობა მის უწმინდესობას, ჩვენს წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ჩვენს ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ სალომე, იგივე ნინოს, ბატონ მამუკას, ბატონ ირაკლის, პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე მადლობას ჩვენ ვწირავთ, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდი მონდომება გამოხატა, რათა ეს დღესასწაულები და ეს დღეები ყოფილიყო ღირსეულად აღნიშნული. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს“, – აღნიშნა მეუფემ.