მეუფე ანტონი - სჯობს, მარიხუანასთან დაკავშირებულ განზრახვაზე ქვეყანამ ხელი აიღოს, ჩვენს წარსულსა და ისტორიას ეს არ შვენის 
მეუფე ანტონი - სჯობს, მარიხუანასთან დაკავშირებულ განზრახვაზე ქვეყანამ ხელი აიღოს, ჩვენს წარსულსა და ისტორიას ეს არ შვენის 

ჩვენ წარსულს და ისტორიას ეს არ შვენის – ასეთი კომენტარი გააკეთა მეუფე ანტონმა მარიხუანასთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე.

როგორც მეუფემ აღნიშნა, როდესაც სახელმწიფო დაიწყებს მარიხუანას გაყიდვას, ეს ბარიგობად ჩაითვლება.

„ჩვენ ვიცით, ამის შედეგი რა იქნება. თქვენ ხედავთ, რომ ამ საკითხში სასულიერო პირები, ყველანი ერთსულოვნები ვართ. თითქმის მეორე აზრს ვერ ნახავთ. ეს ქვეყანას და მომავალს ნამდვილად არ წაადგება.  ეკლესია კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას. ადამიანი უფრო ბოროტისკენაა მიდრეკილი. ჩვენ მზად ვაძლევთ იმას, რაც ცუდია. რატომ უნდა მივცეთ ის, რასაც შემდეგ უნდა ვებრძოლოთ, რომ აღმოვფხვრათ. ადამიანში ვნებები უნდა ჩაყარო და მერე ებრძოლო, რომ ეს აღმოაფხვრევინო, ცხვირწინ დაუთესო, ამხელა შესაძლებლობები მისცე და მერე უთხრა, რომ არ შეიძლება, ამას ხელი არ მოკიდო. სჯობს, ამ განზრახვაზე ქვეყანამ საერთოდ ხელი აიღოს, რადგან ჩვენს წარსულს, ისტორიას და საქართველოს არ შვენის. ჩვენ ინტელექტუალური ქვეყანა ვართ. ქართველი კაცი ყოველთვის ნიჭით გამოირჩეოდა. იცით, მარტო შოთა რუსთაველმა და ვაჟა-ფშაველამ რა მისცა მსოფლიოს”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

მისივე თქმით, ეკლესია რევოლუციონერი არასდროს ყოფილა და ხელში იარაღი არ აუღია, საზოგადოება თუ ამას მიიღებს, ეკლესია ვერაფერს იზამს.

„მგონია, რომ საზოგადოება ჯანსაღია. ეს უბრალოდ აჩვენებს, საზოგადოება რა მდგომარეობაშია. ახლა ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ერთიან აზრს დავაფიქსირებთ, თუ რა პოზიციას ვიკავებთ. შემდეგ, ეს აზრი კიდევ უფრო დაიხვეწება და საპატრიარქოსთან შეჯერდება. გვინდა, მსგავსი შეხვედრა ყველა ეპარქიაში ჩატარდეს, რომ საზოგადოება მოვიწვიოთ და დავანახოთ საშიშროება, რა გველოდება. 3-4 წლით იქით მაინც უნდა გავიხედოთ და არა დღევანდელი გადასახედიდან შევხედოთ ამ საკითხს”, – განაცხადა მეუფემ.