მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 თებერვალს დასრულდება
მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 თებერვალს დასრულდება

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა 2019 წელს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად რჩება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს მთლიანად შეიცვლება ავტობუსების პარკი და ქალაქში ახალი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები იმოძრავებს.

ამასთან, დაგეგმილია მეტროსადგურების, ვაგონებისა და შემადგენლობების განახლება-რეაბილიტაცია.

„კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ მოახერხა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იღებს ვალდებულებას, სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს. ამ კომპანიის წინააღმდეგ კი, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, უარყოფითი შედეგით დასრულდა მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომელიც განმეორებით გამოცხადდება.

ასევე, მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეტროსადგური განახლებული, მოდერნიზებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„გამოცხადებულია ტენდერი „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის პროექტირების შესახებაც. რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილს“, სადაც ერთი წლის წინ, რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა, ჩვენ მიერ ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება. მოგვცეს მითითება, პროექტი თავიდან განხორციელდეს ანუ პროექტი იყო არასწორად შედგენილი და ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწია მუშაობის დაწყება. გვესმის,რომ მოქალაქეებისთვის მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, სადაც პრიორიტეტი არის არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და უსაფრთხოება. მგზავრებს ამისთვის ბოდიშს ვუხდი, თუმცა ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებსაც დავიწყებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, პროექტირების ეტაპზე გადადის მეტროსადგურ „გურამიშვილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

„ამ შემთხვევაშიც წარმოდგენილი პროექტი დაწუნებული იყო. ის თავიდან განხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ დაიწყება. უკვე პროექტირების ტენდერისთვის მომზადდა და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი მეტროსადგურ „ისნის“, „თავისუფლების მოედნის“, „რუსთაველის“, „მარჯანიშვილის მოედნისა“ და „წერეთლის“ საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული და ყველაზე სწრაფი უნდა იყოს, ამიტომ მისი მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია.

დატოვე კომენტარი