მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ დაჭრილი ერთი ახალგაზრდა კლინიკაში რჩება
მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ დაჭრილი ერთი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. „ამტელ ჰოსპიტალის“ დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის ინფორმაციით, ორივე პაციენტი სრულწლოვანია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„18 წლის პაციენტს აღენიშნებოდა გულ-მკერდის ღია ჭრილობა, დაზიანებული იყო მარცხენა ფილტვის ენისებრი სეგმენტი, რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია. მეორე, 28 წლის პაციენტს კი ჭრილობა აღენიშნებოდა მარცხენა მხარის არეში.ადგილობრივი ანესთეზიით მოხდა ჩარევა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან უკვე გაეწერა. მეორე პაციენტი კი კლინიკაში რჩება“, – განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.
თბილისში, მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ ორი პირი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.