მეტოქე | ვინჩენცო მონტელა – მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT

12:14, 08.10.2025

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ განაცხადა, რომ მის გუნდს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის და სურს, E ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილი დაიკავოს.

თურქეთის ნაკრები 11 ოქტომბერს სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი იზმითში საქართველოს უმასპინძლებს.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ჩვენი მიზანია, ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილზე გავიდეთ, შემდეგ კი ვნახოთ, რას შევძლებთ. მუნდიალზე მოსახვედრად ყველა წინაპირობა გვაქვს“.

„მჯერა, რომ მომავალ მატჩებში წარმატებას მივაღწევთ. ჩვენი ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ“, – განაცხადა თურქეთის ნაკრების კაპიტანმა, „ინტერის“ ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ.

თურქეთის ნაკრები მომავალი მატჩებისთვის სტამბოლში, ჰასან დოგანის საწვრთნელ ცენტრში ემზადება და პარასკევს, 10 ოქტომბერს სოფიაში გაემგზავრება. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გუნდი მატჩის მასპინძელ, ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე არ ივარჯიშებს.

ვინჩენცო მონტელამ მომავალი თამაშებისთვის გუნდი სრული შემადგენლობით შეკრიბა, მაგრამ თურქეთის ნაკრების პრესსამსახურს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეკარეები ბერქე ოზერი („ლილი“, საფრანგეთი) და უგურჯან ჩაქირი („გალათასარაი“) სოფიაში ვერ ითამაშებენ, ხოლო მცველი ზეკი ჩელიკი („რომა“, იტალია) და თავდამსხმელი ქენან ილდიზი („იუვენტუსი“) გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობენ და ინდივიდუალურად ემზადებიან.

მსგავსი