მეთიუ უიტაკერი – უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების ერთობლივ წარმოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ამ ზამთრამდე მიღწეული არ იქნება

20:01, 03.08.2026

უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება ამ ზამთრამდე მიღწეული არ იქნება, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ამჟამად განიხილავს უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი წარმოების შესაძლებლობას, რათა გაფართოვდეს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და გაძლიერდეს უკრაინისა და ევროპის თავდაცვა.

„არსებობს ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები, რომლებიც შეგვიძლია უკრაინელებთან და ევროპელებთან ერთად განვახორციელოთ, რათა გავაფართოოთ საწარმოო შესაძლებლობები და მხარი დავუჭიროთ უკრაინისა და ევროპის თავდაცვას“, – განაცხადა უიტაკერმა.

უიტაკერის თქმით, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები გრძელდება. ამასთან, ნატო-ში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაა, განსაკუთრებით ზამთრის წინ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის, რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ უკრაინას საჰაერო თავდაცვის ის საშუალებები, რომლებიც კიდევ ერთი ზამთრის გადასატანად სჭირდება“, – განაცხადა უიტაკერმა.

მისივე თქმით, „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების გრძელვადიანი შეთანხმება ამ ზამთრამდე მზად არ იქნება. „წარმოების შესახებ გრძელვადიანი შეთანხმება ამ ზამთრამდე არ გაფორმდება. ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა უიტაკერმა.

მანამდე, 8 ივლისს, ნატო-ს სამიტზე დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ წარმოების უფლებას მისცემდა. მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპთან მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, „პეტრიოტის“ წარმოების ლიცენზიის განხორციელებაზე ტექნიკური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების უფლებას. მისი თქმით, აშშ ამ საკითხში „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“.

მსგავსი