მეთიუ მილერი - აშშ არ უჭერს მხარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს „ჰამასს“ გაძლიერების საშუალებას მისცემს და გააგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ
მეთიუ მილერი - აშშ არ უჭერს მხარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს „ჰამასს“ გაძლიერების საშუალებას მისცემს და გააგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ

აშშ არ უჭერს მხარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს მისცემს „ჰამასს“ გაძლიერების საშუალებას და გააგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „ბიბისის“ განუცხადა.

მილერის თქმით, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის გარდა, „ჰამასი“ ყოველდღიურად უშვებს რაკეტებს, რომლის სამიზნე ისრაელში მყოფი უდანაშაულო მოქალაქეები არიან.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ეს ოპერაციები“, – აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აცხადებს, რომ აშშ მხარს უჭერს და ფიქრობს, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზა, რაც დახმარების მიწოდების შესაძლებლობას მისცემთ.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რაფაჰის გამშვები პუნქტის გასახსნელად სამხრეთ ღაზაში“, – აღნიშნავს მილერი.