„მეტი თავისუფლება - გირჩის“ წევრი ნიკა მოსიაშვილი გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდას არ აპირებს - ვაჟკაცები რომ ყოფილიყვნენ, იქ მოიტანდნენ ჩეკებს და რა პასუხსაც მიიღებდნენ, ნახავდნენ
„მეტი თავისუფლება - გირჩის“ წევრი ნიკა მოსიაშვილი გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდას არ აპირებს - ვაჟკაცები რომ ყოფილიყვნენ, იქ მოიტანდნენ ჩეკებს და რა პასუხსაც მიიღებდნენ, ნახავდნენ

„მეტი თავისუფლება – გირჩის“ წევრი ნიკა მოსიაშვილი აცხადებს, რომ ის 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციის დროს გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ამის შესახებ მან პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შესვლამდე განაცხადა, სადაც როგორც თავად აღნიშნა, მის მიმართ სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.

„დამირეკეს და მითხრეს რომ ჩემზე იწყება სამართალწარმოება. ამის გამო დამიბარეს რომ მოვსულიყავი. ვნახოთ რა იქნება. მითხრეს, რომ ორი ათასლარიან ჯარიმაზეა საუბარი და ალბათ გამოწერენ არ ვიცი, ეს კანტორა როგორ მუშაობს. არ გადავიხდი, ამათი მოლანდებული ჯარიმა, რატომ უნდა გადავიხადო? პირიქით, როგორც მითხრეს, პირბადეს რომ არ გავიკეთებ და ისე წავალ ქუჩაში, უკვე სისხლის სამართლის წარმოება წავა და ასე უნდა გავაკეთო. ამაღამაც მისამართს გეტყვით, შსს და მოდით, იქ დამაჯარიმეთ. დიახ, კიდევ უნდა დავარღვიო. კომენდანტის საათი და ეს შეზღუდვები ზღუდავს ჩემს უფლებას, ამ უფლებას მე ვაპროტესტებ ამ ფორმით და გამოხატვის თავისუფლების უფლებას რომ ვიყენებ, ამის გამო მაჯარიმებენ და ეს ხომ ნონსესია?! მართლა მონები ხომ არ ვართ, აქამდე თუ მონები ვიყავით და ადამიანები გვერქვა, ახლა უკვე გამოვიდა რუპორი სახელმწიფო სტრუქტურების გამყრელიძე ბატონი და თქვა, რომ მარტო მათრახი საქმეს არ შველის, თვითშეგნებაც გინდათო. ცხოველები ვართ, მათი დამიზნებული რეგულაციები არის მათრახი, ეგრე გამოდის. გამოხატვის თავისუფლებაა, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებს დაუბრუნდეს უფლებები, რომელიც ჩამოართვა სახელმწიფომ. ჩვენ ვხედავთ, რომ უფლებაჩამორთმეული ადამიანები აღმოჩნდნენ ეკონომიკურ კრიზისში. მე არ ვაპირებ ყოვლად გაუმართელებლ რეგულაციებს შევეგუო. მართლა ვაჟკაცები და ერთი ადგილის მქონე რომ ყოფილიყვნენ, იქ მოვიდოდნენ, მოიტანდნენ ჩეკებს და რა პასუხსაც მიიღებდნენ, ნახავდნენ“, – განაცხადა ნიკა მოსიაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციის რვა მონაწილე გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის დაჯარიმდა. უწყების ცნობითვე, 24 პირზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, კიდევ 19 პირის მიმართ კი, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის განმეორების გამო სისხლის სამართლის წესით გამოძიება 248 პრიმა მუხლით არის დაწყებული.

ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდენ პარტია „ლელოს“ წევრებიც – ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და პაატა ცივაძე.