მეტეოროლოგიური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ევროპაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობები დაფიქსირდა, დაიღუპა, სულ მცირე, 335 ადამიანი, 410 ათასზე მეტი კი დაზარალდა
2024 წელს ევროპაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობები დაფიქსირდა 2013 წლის შემდეგ. კონტინენტის მდინარეების ქსელის 30%-ში წყლის დონემ მაღალ ზღვარს გადააჭარბა. ამის შესახებ კოპერნიკის კლიმატური ცვლილებების სამსახურისა და მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი.
მოხსენების თანახმად, 2024 წელს წყალდიდობის შედეგად ევროპაში, სულ მცირე, 335 ადამიანი დაიღუპა და 410 000-ზე მეტი დაზარალდა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დასავლეთ ევროპა დაზარალდა.
2024 წელი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე უხვნალექიანი წელი აღმოჩნდა 1950 წლიდან. გასულ წელს ევროპაში ქარიშხლებისა და წყალდიდობების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 18 მილიარდ ევროს გადააჭარბა. მეცნიერები ამინდის ექსტრემალურ პირობებს კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.
აღრიცხვის დაწყების შემდეგ, 2024 წელი ყველაზე თბილი წელი იყო როგორც გლობალური მასშტაბით, ისე ევროპისთვის. პლანეტა ახლა დაახლოებით 1.3ºC-ით უფრო თბილია, ვიდრე ინდუსტრიამდელ პერიოდში, ძირითადად ადამიანის საქმიანობის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო.
მოხსენების მიხედვით, ევროპის კონტინენტის მასშტაბით დაფიქსირდა ექსტრემალური ამინდი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რეკორდულად ხანგრძლივი სიცხე დაფიქსირდა, რომელიც 13 დღეს გაგრძელდა. სკანდინავიის მყინვარები რეკორდული სიჩქარით დნება. აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ნალექის ნაკლებობა და გვალვა დაფიქსირდა, მაშინ როცა დასავლეთ ევროპა წყალდიდობამ დააზარალა. ოქტომბრის ბოლოს ვალენსიაში მომხდარმა წყალდიდობის შედეგად 232 ადამიანი დაიღუპა. სექტემბერში ქარიშხალი „ბორისი“ ცენტრალურ ევროპაში ავსტრიას, ჩეხეთს, გერმანიას და სლოვაკეთს დაატყდა თავს.
კლიმატური ცვლილებების გარდა, წყალდიდობასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტორებს შორის მეცნიერები მდინარეების მართვასა და ურბანულ დაგეგმარებას ასახელებენ.
ანგარიშში აღნიშნულია დადებითი ტენდენციებიც, მათ შორის ის, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებით 2024 წელს ევროპაში რეკორდულად ბევრი ენერგიის გამომუშავება მოხდა, ასევე ევროპული ქალაქების უმეტესობას შემუშავებული აქვს გეგმები კლიმატის ცვლილებასთან უკეთ ადაპტაციისთვის.