მეტე ფრედერიქსენი - ყველაფერი, რასაც უკრაინაში ვაკეთებთ, არის საკუთარი თავის დაცვა ევროპის დანარჩენ ნაწილში, ბევრს ვაკეთებთ, თუმცა უნდა გავზარდოთ სიჩქარე და მასშტაბი
ჩვენ ვმასპინძლობთ ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებას და რუსეთიდან მომდინარე საფრთხე, ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა და საკუთარი თავის გადაიარაღების საჭიროება არის განხილვის მთავარი საკითხი უკრაინის საკითხთან ერთად. პრეზიდენტი ზელენსკი მონაწილეობა ს მიიღებს ჩვენს დისკუსიაში, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
მისი თქმით, სამიტის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ მიგრაცაზე.
„მოუთმენლად ველოდები ყველა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთან კოპენჰაგენში შეხვედრას. რაც შეეხება ჰიბრიდულ საფრთხეებს, ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ევროპაში ახლა არა მხოლოდ ჰიბრიდული თავდასხმები, არამედ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი გადაიარაღების ნაწილი, რადგან როდესაც ვამბობთ „ევროპის გადაიარაღებას“, ეს ასევე გულისხმობს ევროპული საზოგადოების გაძლიერებას. ვფიქრობ, ჩვენ ასევე ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ კიბერთავდასხმებზე, დივერსიის რისკებსა და დრონების შესაძლებლობებზე. ამიტომ კარგი იყო, რომ გუშინ ევროკავშირის ფარგლებში გვქონდა დისკუსია დრონების ერთგვარი კედლის მშენებლობაზე, რომლის გამოყენებას იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ჰიბრიდულ ომს“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
მეტე ფრედერიქსენმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა აღიარებს, რათა უკრაინა განიხილებოდეს, როგორც ევროპის თავდაცვის პირველი ხაზი.
„ყველაფერი, რასაც უკრაინაში ვაკეთებთ, არის საკუთარი თავის დაცვა ევროპის დანარჩენ ნაწილში. ასე რომ, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, თუმცა ჩვენ უნდა გავზარდოთ სიჩქარე და მასშტაბი“, – განაცხადა დანიის ლიდერმა.