მეტე ფრედერიქსენი – გრენლანდია არ იყიდება, ვიმედოვნებთ, ყველა, მათ შორის ჩვენი მოკავშირეები, პატივს სცემენ გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას
გრენლანდია არ იყიდება, ვიმედოვნებთ, ყველა, მათ შორის ჩვენი მოკავშირეები, პატივს სცემენ გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას, – ასე გამოეხმაურა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა აკონტროლოს და არა დანიამ.
როგორც ფრედერიქსენმა ანკარაში, ნატო-ს ლიდერთა პლენარული სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა, გრენლანდიის სტატუსზე დანიის პოზიცია უცვლელია.
დანიის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებაზე.
„ვფიქრობ, ამ თემაზე აშშ-ის პოზიცია, სამწუხაროდ, ძალიან ნათელია. გრენლანდია, რა თქმა უნდა, არ იყიდება. ჩვენი პოზიცია ისეთივე ნათელია, როგორც ყოველთვის. ვიმედოვნებთ, ყველა, მათ შორის ჩვენი ყველა მოკავშირე, პატივს სცემს გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას. დანია სუვერენული სახელმწიფოა და ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა დანია, სამხედრო გზით დაიცვას გრენლანდია ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ ნატო თითოეული წევრი ქვეყნის ტერიტორიის დაცვას უზრუნველყოფს.
„ჩვენ მზად ვართ, ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დავიცვათ, მათ შორის ჩვენი ტერიტორიაც. სწორედ ამისთვის შეიქმნა ნატო, ერთ წევრს თუ რამე დაემართება, ყველა მის დასაცავად დადგება“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.
მისი თქმით, ნატო-ს მე-5 მუხლი წევრებისთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა და არ აქვს საფუძველი, იფიქროს, თითქოს აშშ ამ მუხლის ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„არ მსმენია, რომ შეერთებული შტატები მე-5 მუხლის ერთგულებაზე უარს ამბობდეს. ევროპისთვის ნატო აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ვფიქრობ, იგივე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. სწორედ ნატო-ს დამსახურებაა, რომ ტრანსატლანტიკური სივრცე უსაფრთხოა და ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 7 ივლისს კვლავ გაიმეორა, რომ გრენლანდია აშშ-ის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, თუმცა აღიარა, რომ ეს ნატო-სთან კავშირებს დააზარალებს.