მეტე ფრედერიქსენი – დანიის სამეფოს მომავალი სამივე ერის – ფარერის კუნძულების, გრენლანდიის და დანიის გადასაწყვეტია და ამ საკითხში დანია ამერიკის ზეწოლას გაუძლებს

21:04, 02.06.2026

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა.

„მთავრობა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს დანიელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გვსურს, დავეხმაროთ იმ დანიელებს, ვინც ყველაზე მძიმედ განიცდიან ბენზინისა და დიზელის ფასების ზრდას. ჩვენ საკვებს მნიშვნელოვნად გავაიაფებთ“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

მედიის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულია, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში სტომატოლოგიური მომსახურება უფასო იქნება, 22 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდება, ასევე, ხილსა და ბოსტნეულზე დამატებითი გადასახადები გაუქმდება.

ამავდროულად, ახალი მთავრობა ეროვნულ უსაფრთხოებაზეც ამახვილებს ყურადღებას. ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ დანია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

„რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაში. გუშინ ღამეს კვლავ ვნახეთ, რა ზიანი მოაქვს ომს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დანია ზურგს არ შეაქცევს სამყაროს“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მედია წერს, ახალი მთავრობის უახლოესი პრიორიტეტების სიაში გრენლანდიის გარშემო მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებებიცაა. მთავრობის განცხადებით, დანიის სამეფოს მომავალი სამივე ერის გადასაწყვეტია და ამ საკითხში დანია ამერიკის ზეწოლას გაუძლებს.

„ჩვენ გვაქვს საერთო სურვილი – ძლიერი, თანაბარი და თანამედროვე დანიის სამეფო. ფარერის კუნძულები, გრენლანდია და დანია – სამივე ქვეყანა თანასწორ პარტნიორობაში. ბოლო წლებმა გვიჩვენა, რას ნიშნავს ერთად დგომა“, – აღნიშნა ფრედერიქსენმა.

მსგავსი