მეტე ფრედერიქსენი - არ ვიცი, ზუსტად როგორ და სად შეიძლება, ვითარება გამწვავდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთის მხრიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება
მეტე ფრედერიქსენი - არ ვიცი, ზუსტად როგორ და სად შეიძლება, ვითარება გამწვავდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთის მხრიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება

რუსეთი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება, მსგავსი სცენარის გამორიცხვა შეუძლებელია, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება და რუსეთის ქმედებები მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს გამოწვევას.

„სამწუხაროდ, ასეთი სცენარი შესაძლებელია. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ზუსტად როგორ და სად შეიძლება, ვითარება გამწვავდეს. ასევე, არ ვიცი, კონკრეტულად რის წინაშე მოგვიწევს დადგომა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შეფასებაში პოლონეთის პოზიციას იზიარებს, რაც ქვეყნის ისტორიული გამოცდილებითაც არის განპირობებული.

„ვფიქრობ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ – უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით და ნებისმიერ ფასად უნდა დავუჭიროთ მხარი“, – აღნიშნა ფრედერიქსენმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება, რუსეთმა აგრესია ევროპულ ქვეყნებზე გაავრცელოს, დანიის პრემიერ-მინისტრმა ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლებლობაზე მიუთითა.

„შესაძლოა, ეს იყოს ჰიბრიდული ომის ახალი ფორმა. ასეთი ქმედებები უკვე მიმდინარეობს – რუსეთი მუდმივად არღვევს საზღვრებს. ამ ეტაპზე მათ უკრაინაში მიღებული დანაკარგები აკავებთ. ისინი ჩაფლულნი არიან ომში, რომელიც მათი სამხედრო რესურსების, მათ შორის, ადამიანური რესურსის დიდ ნაწილს შთანთქავს“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

ამასთან, მისი შეფასებით, ევროპა დღეს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისთვის გაცილებით უკეთ არის მომზადებული, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.