მესტიის მერი - არ დარჩება არც ერთი ადამიანი, განსაკუთრებით სოფელ ლენჯერში, რომელსაც ტესტს არ ავუღებთ
მესტიის მერი - არ დარჩება არც ერთი ადამიანი, განსაკუთრებით სოფელ ლენჯერში, რომელსაც ტესტს არ ავუღებთ

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე 3 000-მდე ადამიანის ტესტია აღებული.

როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არ დარჩება არც ერთი ადამიანი, განსაკუთრებით სოფელ ლენჯერში, რომელსაც კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარდება.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ორი დაბა მესტიაში მცხოვრები პირია.

„უკვე 3 000-მდე ტესტია აღებული მესტიის მუნიციპალიტეტში. ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაბა მესტიაში ცხოვრობს. ესეც ლენჯერიდან წამოსული კონტაქტებია. გრძელდება მუშაობა. გასულები არიან ეპიდემიოლოგები. მობილური ჯგუფი მუშაობს. დაბა მესტიის ცენტრში გაკეთებულია საველე კარავიც და მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, ჩაიტარონ ტესტები. აქვე, მინდა გითხრათ, რომ წასული არის სამი ბრიგადა ბეჩოში, ლახამულაში, ლატანში და ლენჯერში, ერთი-ორი ადამიანი თუ გამორჩენილია, მათი აღრიცხვა ხდება ახლა.

არ დარჩება არც ერთი ადამიანი, განსაკუთრებით სოფელ ლენჯერში, რომელსაც ტესტს არ ავუღებთ. ამას გარდა, უშგულში დასრულებულია უკვე ტესტირება. ეპიდემიოლოგები მოგვცემენ კიდევ რეკომენდაციებს და იმის მიხედვით გამკაცრდება თუ არა ზომები, ამაზე იქნება საუბარი“, – განაცხადა მესტიის მერმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის მედიკამენტებით მომარაგებაც გრძელდება.

„თუ ვინმეს სჭირდება, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს ჰყავს ადამიანები აღრიცხული და მათ ჯანდაცვის სამინისტრო ამარაგებს, მეორე მხრივ, თუ ადამიანს უცბად დასჭირდა წამალი, ამას რწმუნებულების მეშვეობით უზრუნველვყოფთ და ყველა ოჯახში მიგვაქვს. ეს ეხება სოფლად მყოფებს.

რაც შეეხება კვებას. დაბა მესტიაში დაახლოებით 30-მდე დისტრიბუტორი შემოვიდა. ყველა სოფელს ამარაგებდა თავისი დისტრიბუცია. სოფლის რწმუნებულები და ადგილობრივი მკვიდრები გაფრთხილებული არიან, რომ როგორც კი მოთხოვნა გაუჩნდებათ, აქვთ ტელეფონის ნომრებიც. ვინც უნდა მოიტანოს დისტრიბუცია, ეტყვიან, რა პროდუქტი სჭირდებათ, შეუკვეთავენ და დისტრიბუტორები ჩაუტანენ სოფლებში“, – განაცხადა მერმა.