მესტიის მერი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ამ დროისთვის 3400-მდე ტესტია აღებული
მესტიის მერი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ამ დროისთვის 3400-მდე ტესტია აღებული

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მესტიაში კორონავირუსზე ამ დროისთვის 3400-მდე ტესტია აღებული, საიდანაც 32 არის დადასტურებული შემთხვევა.

როგორც მესტიის მერი აცხადებს, დარჩენილი იყო ორი სოფელი ცხუმური და ეცერი, სადაც უკვე წასულია ეპიდემიოლოგების ჯგუფი და იწყებენ „პისიარ“ ტესტირებას.

„გარდა ამისა, მუშაობს ორი მობილური ჯგუფი ღრმა კვლევაზე. ვისაც სურვილი ექნება, მოვა და ტესტს აიღებს. ერთი კვირაა, დაბა მესტიის ცენტრში ეს ჯგუფი მუშაობს და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მესტიის ცენტრში აიღონ ტესტები. გარდა ამისა, მოსახლეობაში იგრძნობა უკვე სიმშვიდე. ლენჯერის ჩაკეტილ თემში დღეს დავიწყებთ პროდუქტის შეტანას, ასევე წითელმა ჯვარმა მოგვიტანა სურსათი და ჰიგიენური საშუალებები, რომელსაც დღეს დავარიგებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ მიტოვებულად არ იგრძნოს თავი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, სულ მცირე ორი კვირის, 20 დღის სამყოფი სურსათი შევუტანოთ მოსახლეობას“, – განაცხადა მესტიის მერმა.