მესტიაში, სოფელ მულახში მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
მესტიაში, სოფელ მულახში მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მესტიაში, სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მულახის თემის რწმუნებული სოსო ზურაბიანი აცხადებს, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

რწმუნებულის ინფორმაციით, ახალგაზრდები მეგობრები იყვნენ და წარსულში არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ.

ამასთან, ზურაბიანის თქმით, სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

„მგონია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. წარსულში არანაირი სახის დაპირისპირება არ ჰქონიათ, მეგობრები იყვნენ. შეკამათებულან, მერე არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა. გარდაცვლილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. თვითონ ვინც ისროლა, არ არის დაკავებული, ისიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მერე არავინ არ იცის, სად წავიდა. ახლაც ეძებს მოსახლეობა, პოლიციაც, მაგრამ ვერ პოულობენ. ოთხი კაცი ყოფილან ადგილზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ იმათთან შეხვედრა მე ვერ მოვახერხე, რა თქმა უნდა, პოლიციამ არ შეგვიშვა. ისინი სამართალდამცველებმა დაკითხეს“, – განაცხადა სოსო ზურაბიანმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.