მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო
მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, კორონავირუსის მესტიის მუნიციპალიტეტში გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებით რისკებისგან დაცვის მიზნით, ორი საკარანტინო სივრცე გამოიყო.

მისი თქმით, ამ სივრცეებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მოქალაქეების განთავსება. ცალკეული პირებისთვის 24 ადგილი, ხოლო ოჯახებისთვის 56 ადგილია.

საკარანტინო სივრცეები განთავსდა მესტიის ლეო ფილფანის სახელობის კინოსა და თეატრის ცენტრის ბაზაზე არსებულ სასტუმროში და მულახის ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტული ცენტრში.

როგორც მესტიის მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო სპეციალური სადეზინფექციო სითხე და ყველა საჭირო აღჭურვილობა. უკვე შერჩეულია სამედიცინო პერსონალიც. მისვე თქმით, ასევე მესტიის საავადმყოფომ მიიღო A და B ვირუსების დამდგენი ტესტები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია კორონავირუსის არსებობის გამორიცხვა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიების გატარებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ასევე უახლოეს დღეებში შეიქმნება საინფორმაციო სივრცე, რომლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საქმიანობების დისტანციურ რეჟიმში განხორციელება და საჭირო ინფორმაციის გავრცელება.

ამასთან, მესტიის კინოსა და თეატრის ცენტრში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით გადაიდება, აგრეთვე დროებით შეწყდება ბიბლიოთეკების მუშაობა.

დაიკეტა თითქმის ყველა თავშეყრის ადგილი, მათ შორის კურორტები, სასტუმროები და კაფე-ბარები. მესტიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ასევე არც თვითიზოლაციაში იმყოფება რომელიმე მოქალაქე.​