მესტიაში კორონავირუსზე დღეს დაახლოებით 900-მდე ტესტი ჩატარდა
მესტიაში კორონავირუსზე დღეს დაახლოებით 900-მდე ტესტი ჩატარდა

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მესტიაში კორონავირუსზე დღეს დაახლოებით 900-მდე ტესტი ჩატარდა.

როგორც სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სავარაუდოდ, სრულად ამოიწურა სოფელი ლენჯერი.

„გუშინდელთან შედარებით, დღეს ორნახევარჯერ მეტი ტესტი გაკეთდა, დაახლოებით 900-მდე ავიდა. მე მგონი, ლენჯერი სრულად ამოვწურეთ. მგონი, დარჩა რამდენიმე ოჯახი, რომელიც არ გამოცხადდა და ალბათ, მოვლენ ისინიც. რაიონიდან დაახლოებით 300 ადამიანია გაყვანილი კარანტინში, ბევრი ადგილზე არსებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდა. ხვალისთვის იგეგმება დაახლოებით 200-მდე ადამიანის გაყვანა კარანტინში. ვფიქრობთ, კარანტინის კუთხითაც ცხელ წერტილებს ჩავაქრობთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის დამყოლობა ტესტირებაზე არის მაღალი.

„დღეს სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი გარკვეულ განცხადებებს, მე ვინც მომაკითხავს, არც არავინ გაბედოსო. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც იყვნენ. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დამთავრდება შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში; რამდენად სწრაფად დასრულდება გავრცელება. მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, გასასინჯად ცხელების ცენტრში რომ მისულიყო. ზუსტად არ ვიცით, დღეს რამდენი შემთხვევა გვაქვს, მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ 10-ზე მეტი რომ არის, ფაქტია და სავარაუდოდ, შეიძლება ბევრად მეტიც იყოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.