მესტიაში ევროკავშირის ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
მესტიაში ევროკავშირის ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

მესტიის კულტურის სახლში ევროკავშირის ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (ADA), მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC).

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემების წარმომადგენლები. ყველა დაინტერესებული მხარეს საშუალება ჰქონდა​გაცნობოდა ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნებსა და ამოცანებს, მიდგომებსა და აქტივობებს. საღამოს კი, დაბა მესტიისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სასოფლო ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაესწრონ სახალხო ზეიმს „ევროკავშირი სვანეთში“, რომელიც ჩატარდება დაბა მესტიის ცენტრალურ მოედანზე და მოიცავს გასართობ და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს ბავშვების, ახალგაზრდობისა და მთლიანად მოსახლეობისთვის, რათა გაეცნონ ევროკავშირს და მის მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებს საქართველოში; დამატებით მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საჭადრაკო ტურნირში.

მესტიაში განხორციელდება ორი პროექტი; პროექტი GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია, განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.

მეორე პროექტი კი არის „ENPARD III მესტია“. „CARE ავსტრია’ თავის პარტნიორ ორგანიზაცია PMC-RC-თან ერთად, განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს. პროექტი წარმოადგენს საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილს. ENPARD პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. „ENPARD III მესტიას” სპეციფიკური მიზანია მთიან დასახლებებში მოწყვლადი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის „LEADER“ მიდგომის გამოყენებით. მისი მთლიანი ღირებულება შეადგენს 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.