მესტიაში 15-წლამდე გოგონათა მასტერ ლიგა დაიწყო #1TVSPORT
მესტიაში 15-წლამდე გოგონათა მასტერ ლიგა დაიწყო #1TVSPORT

კაჭრეთის შემდეგ, 15-წლამდე გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატი მესტიაშიც დაიწყო – მასში სამეგრელო-ზემო სვანეთის 6 გუნდი მონაწილეობს. პროექტი სფფ-ის ეგიდით, მასტერ ლიგის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტი კამპანია WePlayStrong საქართველოს ფარგლებში იმართება.

აღნიშნული პროექტი პირველად გასულ წელს, ფესტივალის ფორმატში გაიმართა და მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30-მა გუნდმა მიიღო. მიმდინარე წლიდან კი, ჩემპიონატი რეგულარულ სახეს მიიღებს და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. 2022 წლის სეზონში ტურნირში 40-ზე მეტი გოგონათა გუნდი იღებს მონაწილეობას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ და 7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა აკაკი ხლაბუსტოვმა მიმართეს. გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ჟორჟოლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სერგო კვარაცხელია.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ფეხბურთის ფედერაციისთვის. გოგონების ის რაოდენობა, რომელიც დღეს აქ ვნახეთ, სანატრელი იყო მთელს საქართველოში. ჩვენ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის განვითარება გრძელდება და ამისთვის ძალებს არ დავიშურებთ“, – ამბობს სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.

აკაკი ხლაბუსტოვი, 7×7-ზე ფეხბურთს ასოციაციის პრეზიდენტი:

„სფფ-ის და მასტერ ლიგის მეგობრობა ძალიან საინტერესო პროექტით გრძელდება. წელს ძალიან ბევრი მსურველია, რადგან 40-ზე მეტი გუნდი მონაწილეობს აღნიშნულ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთში უფრო მეტი გოგონა ჩაერთოს. უპრეცედენტოა, რომ წელს მესტიას ჰყავს გოგონათა გუნდი. ვისურვებ, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ“.

სალომე ბენიძე, UNFPA საქართველოს კომუნიკაციების ხელმძღვანელი:

„ასეთი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ კონკრეტული გოგოების ცხოვრების ცვლილებაში, არამედ, ზოგადად, ჩვენი, როგორც უფრო თანასწორი და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში“.