მესისა და სუარესის გოლებით „ინტერ მაიამიმ“ „ორლანდო“ დაამარცხა - არგენტინელი MLS-ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია [ვიდეო] #1TVSPORT
მესამე მატჩი ჩაატარა MLS-ის რეგულარულ სეზონში ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“. ფლორიდულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა „ორლანდო სიტი“.
პირველი ორი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა გერმანული წარმოშობის ამერიკელი იულიან გრესელის პასებით. ურუგვაელისთვის ეს იყო სადებიუტო გოლები MLS-ის ჩემპიონატში.
ამის შემდეგ სუარესმა ტეილორს გაატანინა და „ინტერ მაიამიმ“ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.
მეორე ნახევარში სუარესს მიჰბაძა და დუბლი შეასრულა მესიმ. ბოლო გოლისას მას შედეგიანი გადაცემა იმავე სუარესმა გაუკეთა, რომელმაც შეხვედრა 2+2-ით დაასრულა.
მესის MLS-ის ახალი ჩემპიონატის სამივე მატჩში ჰქონდა შედეგიანი მოქმედება. არგენტინელი სამი გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იყოფს „დი სი იუნაიტედის“ ფორვარდთან, კრისტიან ბენტეკესთან, ხოლო „გოლი+პასის“ სისტემით (3+1) მეორე ადგილზეა. ამ კატეგორიაში ლიდერობს ლუის სუარესი (2+3).
ახლა მესისა და სუარესს წინ ელოდებათ დებიუტი კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგაზე. როგორც ლიგების თასის მფლობელი, „ინტერ მაიამი“ ტურნირს პირდაპირ მერვედფინალიდან დაიწყებს. ეს იქნება ორრაუნდიანი დაპირისპირება „ნეშვილთან“. პირველი თამაში 8 მარტს ნეშვილელთა მოედანზეა, განმეორებითი შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.