მესის ერთი გოლი და კრიშტიანო რონალდოს დუბლი - პსჟ-მ საუდის არაბეთში 5:4 მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში „კინგ ფაჰდის“ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ ხვდებოდა ადგილობრივი კლუბების – „ალ-ნასრისა“ და „ალ-ჰილალის“ საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ასეთი შემადგენლობით დაიწყო შეხვედრა: კეილორ ნავასი, ჰაკიმი, მარკინიოსი, სერხიო რამოსი, ბერნატი, ფაბიან რუისი, სოლერი, რენატო სანჩესი, ნეიმარი, მესი, მბაპე. ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როცა პარიზელთა ძირითადში ერთდროულად მოხვდნენ ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე.
„ალ-ნასრი“/“ალ-ჰილალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო კრიშტიანო რონალდო – ეს პორტუგალიელის დებიუტი იყო ახლო აღმოსავლეთში.
ანგარიში მატჩის დებიუტში მესიმ გახსნა, რომელსაც ნეიმარმა მისცა პასი. კრიშტიანო რონალდომ 34-ე წუთზე 11-მეტრიანით გაათანაბრა. ამის შემდეგ პსჟ-ს ხუან ბერნატი გაუგდეს, თუმცა ანგარიში მაინც პარიზელებმა შეცვალეს, როცა მარკინიოსმა 43-ე წუთზე მბაპეს პასი გამოიყენა. შესვენებამდე ანგარიში ისევ გათანაბრდა – კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, ამ გოლის შემდეგ მასა და მესის შორის ანგარიში გათანაბრდა მათ პირად დაპირისპირებაში – 23:23. სანამ კრიშტიანო დუბლს შეასრულებდა, მანამდე ნეიმარმა პენალტი ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმში პსჟ სერხიო რამოსის გოლით დაწინაურდა და არაბებმა კიდევ ერთხელ გაათანაბრეს კორეელი ჩან-ჰიუნ სუს თავურით. დაახლოებით სამ წუთში ფრანგები მეოთხედ გავიდნენ წინ – მასპინძელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც მბაპემ გამოიყენა. საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა მატჩი გოლითა და ორი შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ის, ნეიმარი და მესი მალე შეცვალეს, ისევე, როგორც რონალდო.
85-ე წუთზე პსჟ პირველად გავიდა წინ ორი ბურთით – ეკიტიკე კონტრშეტევაში გაიქცა და მეხუთე გოლი გაიტანა. მაგრამ ეს არ ყოფილა ბოლო გოლი, მატჩში შეხვედრას წერტილი ანდერსონ ტალისკამ დაუსვა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 4:5.
მატჩს 68 752 მაყურებელი დაესწრო.