მესიმ უნდა გაიმარჯვოს - პელეს ქალიშვილმა გაიხსენა, როგორ გულშემატკივრობდა ფეხბურთის მეფე არგენტინას #1TVSPORT
მესიმ უნდა გაიმარჯვოს - პელეს ქალიშვილმა გაიხსენა, როგორ გულშემატკივრობდა ფეხბურთის მეფე არგენტინას #1TVSPORT

ფეხბურთის მეფის, პელეს ქალიშვილმა, კელი ნასიმენტომ ჟურნალისტებს მოუყვა, რომ მამამისს გულწრფელად სურდა, ლიონელ მესის კატარში მსოფლიო ჩემპიონატი მოეგო და ლეომ ლეგენდარული ბრაზილიელის მხარდაჭერის შესახებ იცოდა, რადგან კელიმ ეს ამბავი მესის ცოლს, ანტონელა როკუცოს გაანდო.

პელე 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა – 11 დღის თავზე, რაც არგენტინა მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ლეგენდარული ბრაზილიელი მსოფლიო ჩემპიონატს საავადმყოფოში უყურებდა და სოციალურ ქსელებში რეგულარულად ამხნევებდა და გულშემატკივრობდა ბრაზილიის ნაკრებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც „სელესაო“ მეოთხედფინალში დამარცხდა, პელე არგენტინელთა მხარეს გადავიდა. ეს ამბავი კელი ნასიმენტომ მხოლოდ ახლა გაამხილა.

„მე ლამაზი და კეთილი ანტონელა როკუცოს მეშვეობით გადავეცი ეს ამბავი მესის.

როცა ბრაზილიამ მეოთხედფინალში ხორვატიასთან წააგო, მამაჩემი უკვე ცუდად იყო. ყველას უნდოდა, რომ ბრაზილიას მოეგო ჩემპიონატი მისთვის, მაგრამ მამაჩემმა ბევრზე უკეთ იცოდა, რა არის ფეხბურთი. ნებისმიერ გუნდს აქვს მოგების შესაძლებლობა, ის ყოველთვის ამბობდა, რომ სწორედ ეს უყვარს ამ ლამაზ თამაშში.

ბრაზილიის გავარდნის შემდეგ, ყველა, ვინც მის პალატაში შედიოდა, ეკითხებოდა: „ახლა ვის უსურვებთ გამარჯვებას? არგენტინას ნამდვილად არა!“ ის კი პასუხობდა: „დიახ, არგენტინას! თასი სამხრეთ ამერიკაში უნდა დაბრუნდეს და მესი ჩემპიონი უნდა გახდეს“. ყველა გაოგნებული იყო: „რა?! არგენტინა?!“ ის კი უბრალოდ ამბობდა: „დიახ, მესიმ უნდა გაიმარჯვოს“.

მან ვერ შეძლო ტელევიზორში ფინალის ნახვა, მაგრამ იცოდა, რომ არგენტინამ მოიგო და მესიმ თასი მაღლა ასწია. მამა ბედნიერი იყო“, – გაიხსენა კელი ნასიმენტომ.