არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონები ლიონელ მესი და ანხელ დი მარია პარიზის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავენ, – იტყობინება გამოცემა DSports-ი.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ არგენტინის ოლიმპიური ნაკრები შეძლებს ოლიმპიადაზე მოხვედრას, მესი და დი მარია, დიდი ალბათობით, პარიზში ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ მესიც და დი მარიაც ოლიმპიური ჩემპიონები არიან – 2008 წელს მათ არგენტინის ნაკრებთან ერთად პეკინის თამაშებზე გაიმარჯვეს.
სამხრეთ ამერიკის ზონაში გასათამაშებელია პარიზის ოლიმპიადის ორი საგზური. შესარჩევი ტურნირი ვენესუელაში უკვე მიმდინარეობს. 10 გუნდი ორ ჯგუფად არის დაყოფილი. ორ-ორი საუკეთესო გუნდი შექმნის ფინალურ ჯგუფს და სწორედ იქ გათამაშდება ორი საგზური. არგენტინამ ერთი მატჩი უკვე ჩაატარა და ფრედ (1:1) ითამაშა პარაგვაისთან. ამ ჯგუფში ასევე თამაშობენ პერუ, ურუგვაი და ჩილე.