ტყიბულში მეშახტეებს ხელფასი ანაზღაურების მოთხოვნით გამართული აქციის მიმდინარეობისას ჩაერიცხათ
ტყიბულში მეშახტეებს ხელფასი ანაზღაურების მოთხოვნით გამართული აქციის მიმდინარეობისას ჩაერიცხათ

ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელფასების დროულად დარიცხვა მოითხოვეს.

საწარმოში დასაქმებულებმა განაცხადეს, რომ ხუთი დღეა, ანაზღაურების ჩარიცხვას ელოდებიან. თუმცა, აქციის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მეშახტეებს ხელფასი დაერიცხათ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მეშახტეების ნაწილი, რომლებიც დილით გეგმური სარემონტო სამუშაოებისთვის შახტში ჩავიდნენ, პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიოდნენ. მათთან მოსალაპარაკებლად კომპანიის ფინანსური დირექტორი ჩავიდა. ბოლო ინფორმაციით, მეშახტეები შახტიდან ამოსვლას დათანხმდნენ.

აქციის მონაწილეები მთავრობას სთხოვენ, დროულად აღდგეს შახტებში მუშაობა, რათა სახელფასო დავალიანების პრობლემები აღარ შეიქმნას. მეშახტეები ამბობენ, რომ ხელფასის დაგვიანების გამო, საბანკო ვალდებულებებს და კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან.